დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჩენ გუო ფინს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში არსებულ თანამშრომლობას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ამასთან ერთად, მხარეებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სამომავლო რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი პოზიციები შეაჯერეს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლიუ ძინსონთან. მხარეებმა „აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი აგრეთვე შეეხო ა.წ. 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.