თინა ხიდაშელის საჯარო გამოსვლები აშშ-ის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში “განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა – ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“შეხვედრა C-SPAN-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თინათინ ხიდაშელმა საკუთარ მოხსენებაში უკრაინის კრიზისზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პერსპექტივებზე, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს „ვარშავის სამიტზე“ დასავლეთის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრის თქმით, არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, პოლიტიკური რეალიები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ.

საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური განხილვა შედგა „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოშიც“.

დახურული ფორმატის შეხვედრაზე დისკუსია საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თავდაცვის მინისტრი აშშ-ში კვლევით ორგანიზაციებსა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. „ჰალიფაქსის ფორუმისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთობლივ ღონისძიებაზე თინათინ ხიდაშელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მკვლევარების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე მიწვეული ექსპერტები და მკვლევარები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებით დაინტერესდნენ. კითხვაზე, როგორია თავდაცვის მინისტრის პროგნოზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების „გავლენის სფეროებად“ განხილვა ხელს უშლის როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ისე რეგიონის უსაფრთხოების გარემოს სტაბილურობას.

თავდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ეშტონ კარტერთან შეხვედრის შთაბეჭდილებებიც გაუზიარა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს, მისი ვიზიტის ფარგლებში გამორჩეულად პოზიტიური და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები ასევე გამართა CNAS-ში და „ბრუკინგსის ცენტრში“. „ბრუკინგსის ცენტრი“ თავდაცვის, უსაფრთხოების და სტრატეგიული განვითარების საკითხებზე მუშაობს და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არასამთავრობო ორგანიზაციად მიიჩნევა“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები