“ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოფიციალურად და საჯაროდ არიან პრორუსულები”
ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოფიციალურად და საჯაროდ არიან პრორუსულები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, საქართველოში რუსეთის გავლენა მხოლოდ მცოცავ ანექსიაში არ გამოიხატება, რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც. “რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც – მაგალითად, სოკოებივით მრავლდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხალხი, რომელთა შესახებაც არავის სმენია, გამოდიან ტელევიზიით, აძლევენ ინტერვიუებს და შემდეგ ხდებიან ექსპერტები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ. ჩვენ ასევე ვხედავთ გავლენას ქართულ მედიაზე. ჯერ კიდევ რთულია, ვთქვათ 100-პროცენტიანი დარწმუნებით, რომ რუსეთი უხდის მათ, თუმცა ვხედავთ, რომ განწყობა იცვლება. ასევე ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოფიციალურად და საჯაროდ არიან პრორუსულები”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტებსაც შეეხო.
“პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ჩადის მოსკოვში, ხვდება პუტინს. არავინ იცის, რაზე საუბრობენ ისინი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის ჩადის მოსკოვში და შემდეგ უკან ბრუნდება, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის ბოლო შემთხვევა, რომელიც სწორედ მისი მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს მოხდა”,-აღნიშნა ხიდაშელმა.