თინათინ ხიდაშელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში “თეთრ სახლში” შეხვედრით გაგრძელდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს ევრილ ჰეინსის შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა, თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და საქართველოს უსაფრთხოების გარემო, – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც თინათინ ხიდაშელმა და ევრილ ჰეინსმა შეხვედრაზე განიხილეს.
“პოზიტიური და მეგობრული შეხვედრა შედგა თეთრ სახლში. ვფიქრობ, ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხი, ალბათ, აქ შეგვიძლია მივიღოთ. ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებაზე. ურთიერთობების გაღრმავებისთვის თეთრი სახლის მხარდაჭერის შესახებ, მიმდინარე პროექტებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც 2016 წლიდან მეტად გაფართოვდება. სწორედ, ასეთი შეხვედრებითა და ურთიერთობებით ყალიბდება ის პოლიტიკა, რომელიც შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობებს წარმართავს. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ და პროექტები დავგეგმოთ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ევრილ ჰეინსი იყო პირველი ქალი, რომელიც ჯერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, მოგვიანებით კი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ დაინიშნა.
თავდაცვის მინისტრმა “თეთრი სახლის” შემდეგ შეხვედრები გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციებთან გააგრძელა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 20 აგვისტოს, აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლით და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები