პრემიერი: ადამიანებს ცრუ მოლოდინი აქვთ შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია
ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინია შექმნილი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსი და მყარდება.
მისივე თქმით, მოსახლეობას მალე დაუბრუნდება განცდა, რომ ლარის კურსს რაღაც განსაკუთრებული რყევები აღარ აქვს.
“რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, მინდა გითხრათ, რომ სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინი არის შექმნილი. მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები და მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. ის შოკები, პირველი ტალღა გადავიარეთ. ახლა ეს არის ემოციური განცხადებებით განპირობებული. ძალიან მარტივი რაღაც ხდება საქართველოში – ადამიანებს აქვთ ცრუ მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. ექსპერტების აზრით, ეს ასე აღარ მოხდება უახლოეს პერიოდში, ვინაიდან კრიზისის პერიოდი უკვე გავიარეთ. მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.