ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა ყოველგვარი საიდუმლო გრიფის გარეშე ლობისტურ კომპანიებთან ხელშეკრულებებს აფორმებს

პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკვე მესამე წელია, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველგვარი საიდუმლო გრიფის გარეშე ქირაობს ლობისტურ კომპანიებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები აბსოლუტურად ღიაა და მასში ასახულია ყველა სამუშაო, რასაც ეს კომპანიები სწევენ საქართველოსთვის.
“ლობისტური კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით ახალი არაფერია. ჩვენი მთავრობა უკვე მესამე წელია, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველგვარი საიდუმლო გრიფის გარეშე აფორმებს ხელშეკრულებებს ლობისტურ კომპანიებთან. ჩვენ, მართლაც, მიზერულ თანხებს ვიხდით მათ დაქირავებაში და, თუ არ ვცდები, შეადგენს თვეში 50 ათას დოლარს. ეს დოკუმენტები არის საჯარო და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ისინი, იხილოთ ის სამუშაოები, რომელსაც ეს კომპანიები სწევენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის აპრილში ამერიკულ კომპანია Pitlsbury Winthrop Shaw Pittman LLP-სა და საქართველოს მთავრობას შორის კონტრაქტი გაფორმდა. კონტრაქტს ვადა 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 მარტამდე აქვს.
კონტრაქტის მიხედვით, ამერიკული კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის შSilk Road Forum-სა და გაეროს გენერალური ასამბლეის მზადების პროცესში. იგი ასევე დაეხმარება საქართველოს მთავრობას პრესრელიზების, წერილებისა და სიტყვით გამოსვლების ტექსტების მომზადებაში.
ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს მედიასტრატეგიის განვითარებას და რეგულარულ კონსულტაციებს ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სტრატეგიების და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის, კონგრესის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავების პროცესში. კომპანია უზრუნველყოფს სტრატეგიულ რჩევებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიური კავშირებისა და საერთაშორისო დონის საკითხების კუთხით. ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამას საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, მათ საქართველოში ვიზიტს და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა ნახონ მთავრობის პროგრესი ადგილზევე.
კონტრაქტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს 50 000 დოლარის ოდენობის თანხა. კონტრაქტს ქართული მხრიდან ხელს აწერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები