ირაკლი ღარიბაშვილი: გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებული სპეკულაციები ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია
„ხშირად ვყოფილვარ ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს სურს წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება.
“ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაეროშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც მივდივარ, მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა – დასათვალიერებლად. თუ ვინმეს სურს, წავიდეს ნიუ-იორკში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და რაიმე სხვა სპეკულაციებზე არ მსურს კომენტარის გაკეთება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ- იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე – “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება” მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.