ირაკლი ალასანია: სხვა გმირებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელი თაობებს უნდა გადავცეთ
სხვა გმირებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელი თაობებს უნდა გადავცეთ, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავთან განუცხადა.
“მან ისეთ ვითარებაში გამოავლინა გმირობა, მტრებით გარშემორტყმულმა, რომ ყველაფერი, რაც კი ქართველ კაცს ეამაყება, რაც მის სულში, საბრძოლო გამოცდილებასა და სულის უტეხობაში იყო, სწორედ იმ დღეს გამოვლინდა. ჩემი აზრით, ის გარკვეულწილად საქართველოს სიმბოლოც არის. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყველა გმირი, სხვა გმირებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელი თაობებს უნდა გადავცეთ.
მისი ქმედება, ნაბიჯი, საქართველოსთვის, ყველა ქართველისთვის არის სამაგალითო, ასეთი გმირი გვყავს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ომში საბრძოლო გამოცდილების მატარებელი. აქედან გამომდინარე, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ჩვენ სერჟანტთა სკოლას მისი სახელი ვუწოდეთ და ახლა სერჟანტები, რომლებიც ამთავრებენ ამ სკოლას, სიამაყით ატარებენ სერჟანტის სახელს, რადგან სკოლა არის გიორგი ანწუხელიძის სახელობის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 31 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.