ბათუ ქუთელია: ასეთი სამხედრო წვრთნები საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ასეთი სამხედრო წვრთნები საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, -ასე გამოეხმაურა ექსპერტი, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია სომხეთის, ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ მორიგი წვრთნების დაწყების ფაქტს.
“ნებისმიერი ასეთი ტიპის სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის არა მარტო რუსეთის სამიზნე ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო ან უკრაინა, არამედ – საერთაშორისო უსაფრთხოებას. ასეთი ბერკეტების გამოყენებით რუსეთი ცდილობს საკუთარი თავი დაიმკვიდროს, როგორც აგრესიული რევანშიზმის მომხრე მოთამაშე. ამის შედეგია ის,რომ ნატომ შეცვალა პოლიტიკა და უკვე აქტიურად განიხილება ის ზომები, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ნატომ მაქსიმალურ თავდაცვას რუსეთის მხრიდან“,-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
9 ათასამდე არტილერისტი და 3 ათასამდე ერთეული სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი მონაწილეობს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში, რომლებიც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყირიმში იმართება. წვრთნები სომხეთის ტერიტორიაზეც ტარდება.
„ერთი თვის განმავლობაში არტილერისტები წვრთნებზე პროფესიული მომზადების დონეს გააუმჯობესებენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ მოტომსროლელთა და სატანკო შენაერთების მხარდაჭერის წვრთნებში. სააერტილერიო ცეცხლის მართვის პულტებზე წვრთნებს განსაკუთებული ყურადღება დაეთმობა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. წვრთნების დასკვნით ეტაპზე „გრადის“, სმერჩისა“ და „ურაგანის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლა შედგება.