ამერიკელი პოლიტოლოგი: აშშ-მ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველოს ნატოში შესასვლელად მაპი არ სჭირდება

აშშ-მ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველოს ნატოში შესასვლელად მაპი არ სჭირდება, -ამის შესახებ ამერიკელი პოლიტოლოგის და სტრატეგიული კვლევითი ცენტრის Heritage Foundation-ის ანალიტიკოსის, ლუკ კოფის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მიმოხილვა სათაურით: “შესანიშნავი შესაძლებლობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების განვითარებისათვის” ვებგვერდ Heritage.org-ზე გამოქვეყნდა.

როგორც კოფი სტატიაში აღნიშნავს, 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის პენტაგონში პირველი ვიზიტი ქვეყნებს შორის უფრო ღრმა ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველი გახდება. ამერიკელი პოლიტოლოგი საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზაზე აშშ-ის როლზე საუბრობს: “აშშ-მა უნდა გამოიყენოს ხიდაშელის ვიზიტი იმისათვის, რომ აღიაროს საქართველოს მიერ ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი“.

პოლიტოლოგი წერს, რომ საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა ევროპაში.

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს,რომ ნატოს ბოლო სამიტის დროს, ალიანსმა მოიწონა “ნატო-საქართველოს პაკეტი”, რომელიც საქართველოს თავდაცვით და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ამერიკელი ანალიტიკოსი რუსეთის დაუსრულებელ აგრესიაზეც საუბრობს. როგორც კოფი რუსეთი სამხრეთ კავკასიას მიიჩნევს, როგორც მისი გავლენის ბუნებრივ სფეროს და მზადაა რეგიონში გავლენისთვის საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენოს.

“2008 წლის აგვისტოში, რუსეთი შეიჭრა საქართველოში და თბილისს 15 მილის დაშორებით მიუახლოვდა. შვიდი წლის შემდეგ, რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის – ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებას, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. 2015 წლის 16 ივლისის შემდეგ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხოების ძალები იმ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ღობეს სწევენ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს ჰყოფს – და საქართველოს უფრო მეტ ტერიტორიას აქცევენ რუსეთის კონტროლქვეშ. ბოლო მსგავსი ინციდენტი 10 აგვისტოს მოხდა”, – წერს ლუკ კოფი.

ლუკ კოფის თქმით, ნატოს ბოლო ორი სამიტის დროს, საქართველო იმედოვნებდა, რომ მიიღებდა “გაწევრიანების სამოქმედო გეგმას”, მაგრამ ასე არ მოხდა.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არ სჭირდება მაპი, რუსეთი საქართველოს გამუდმებულ მარცხს, მოიპოვოს მაპი ნატოსგან, იყენებს, როგორც პროპაგანდის გამარჯვებად”, – აღნიშნავს ლუკ კოფი.

მისივე თქმით, აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი.

„აშშ-მ უნდა მიჰყიდოს თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება – როგორიცაა „FGM-148 ჟაველინი“ და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება საქართველოს. საქართველო რუსეთის მხრიდან აგრესიის მუდმივი საფრთხის ქვეშაა.

საჯაროდ განაცხადოს, რომ “გაწევრიანების სამოქმედო გეგმა” (მაპი), არ არის აუცილებელი ალიანსში გასაწევრიანებლად. 2016 წლის ივლისში პოლონეთში დაგეგმილ ნატოს მომავალ სამიტამდე, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა საჯაროდ უნდა განაცხადონ, რომ საქართველოს არ სჭირდება მაპი ნატოში შესასვლელად. აშშ უფრო მკაფიო უნდა იყოს საქართველოს მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2008 წელს ალიანსი საქართველოს დაჰპირდა გაწევრიანებას. ეს ნატოს ყველა სამიტზე დადასტურდა. აშშ-მა უნდა განაცხადოს მკაფიოდ, რომ საქართველოს პოლიტიკური წვლილი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში, მის მიერ “წლიური ეროვნული პროგრამების” წარმატებით შესრულება და ნატო-საქართველოს კომისია საქართველოს დაეხმარება მიახლოვდეს გაწევრიანების ეტაპს.

გაზარდოს მრავალმხრივი და ორმხრივი წვრთნები საქართველოში. რაც უფრო მეტად ფრიალებს აშშ-ის და ნატოს დროშები საქართველოში, მით უფრო მეტად იზრუნებს ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ სივრცეში მიმავალი გზა შეინარჩუნოს. სამხედრო წვრთნები ამერიკისა და ნატოს მხარდაჭერის ყველაზე ნათელი ნიშანია“,-აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ლუკ კოფი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია სერიოზული თავდაცვითი რეფორმების განხორციელება და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობა იმაზე მეტად, ვიდრე ნატოს ბევრ წევრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები