თინა ხიდაშელი ვიქტორია ნულანდს შეხვდა
თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა.
როგორც “კვირას“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში პუნიტ ტალვართან ორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს საიმედო და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა სულ უფრო მეტ პროგრესს განიცდის. ვიქტორია ნულანდთან და პუნიტ ტალვართან საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების თემატიკის გარდა საუბარი ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ პრორიტეტულ მიმართულებებსა და იმ რეფორმებს შეეხო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა გაგრძელდეს.
„პროფესიული განათლების სკოლა და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, „არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლებიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პირველ რიგში, საქართველოსთვის, მაგრამ ეს პროექტები წარმატების შემთხვევაში რეალურ შესაძლებლობებს აჩენს იმისთვის, რომ საქართველომ რეგიონული მასშტაბის ფუნქცია და მნიშვნელობა შეიძინოს. მაგალითისთვის, ერთობლივი სასწავლო ცენტრი არის პროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების მიმღები ქვეყნის სტატუსიდან უსაფრთხოების მიმწოდებლის სტატუსზე გადაიყვანს. ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ განცდა და იმედი, რომ საქართველოს სახით არა მარტო მოსახლეობის მხარდაჭერით უზრუნველყოფილი, საიმედო, პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა უნდა ჰყავდეთ, არამედ საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, რომელიც ბევრ მიმართულებაზე პასუხისმგებლობას თავადაც აიღებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და კვლევით ორგანიზაციებში საჯარო მოხსენებებს მოიცავს და მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.