თავდაცვის მინისტრი ამერიკელ სამხედრო პირებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის საკითხებში, ჯეიმს როდრიგესსა და ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური შტაბის მთავარ სერჟანტს, ბრაიან ბატალიას შეხვდნენ. შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა ყურადღება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა-რეაბილიტაციის საკითხებზე გაამახვილა და ამერიკულ მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივები გააცნო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბრაიან ბატალია და ჯეიმს როდრიგესი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა-რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდნენ. ამერიკულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სამედიცინო პერსონალის გადამზადებაში დაეხმაროს. შეხვედრაზე მხარეებმა ჯარისკაცების რეაბილიტაციის პროცესში სპორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში შესაბამისი პროფილისა და ცოდნის მქონე ტრენერების საქართველოში მოვლინების საკითხიც.
დაჭრილი და დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა-რეაბილიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თავდაცვის სამინისტროში ცოტა ხნის წინ შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც, სწორედ, ამ მიმართულებით იმუშავებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორებისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ინიციატივები საქართველოს დაჭრილი და დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემების მოგვარებას, გამარტივებას, მათ დასაქმებასა და დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობებს უკავშირდება.
„ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანაა. ჩვენ მივიღეთ მიწვევა ვაშინგტონში დაგეგმილ სიმპოზიუმზე. შესაძლებლობას მოგვეცემა, კონტაქტი დავამყაროთ ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც გამოცდილება გააჩნია ამ მიმართულებით. თავდაცვის სამინისტროში შექმნილი დეპარტამენტი კი, რომელიც კონცენტრირებული იქნება ჩვენი დაჭრილი სამხედროების პრობლემების მოგვარებაზე, რეალურად ფუნქციონირებას სექტემბერში დაიწყებს.
ეს გზა ძალიან სწრაფად უნდა გავიაროთ, რომ 2016 წლის დასაწყისში გამართული მექანიზმი და მდგრადი სისტემა გვქონდეს. ჩვენს დაჭრილ მეომრებს სხვადასხვა მიმართულებით რეაბილიტაციის ღირსეული შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები