კახა იმნაძე: გაეროში დაგეგმილ ორივე ღონისძიებაში პრემიერი მიიღებს მონაწილეობას

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს და, შესაბამისად, გაეროს 70-ე სესიაზე სიტყვით სწორედ მთავრობის მეთაური გამოვა, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კახა იმნაძემ განაცხადა.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ნიუ-იორკში ჩასვლას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც აპირებს და, იმნაძის თქმით, ლატვიის პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ერთ-ერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
„სექტემბრის ბოლოს ტრადიციულად იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტი. წელს ღონისძიებას წინ უძღვის განვითარების დღის წესრიგის სამიტი და დაგეგმილ ორივე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე სიტყვით გამოვა ორივე ღონისძიებაზე. პრეზიდენტი კი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაში, რომელიც ეხება აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევებს და ქალთა საკითხებს,” – განაცხადა იმნაძემ. რაც შეეხება საქართველოს საგარეო უწყებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერაც არ გაკეთებულა, თუმცა, სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის თქმით, საგარე საქმეთა სამინსტროში მოიქცევიან ისე, როგორც გადაწყდება უფრო მაღალ დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები