უფლებადამცველები შეწყალების კომისიის რეფორმირებას ითხოვენ, – „არსებობს საფრთხე, რომ ციხეებში პრობლემები შეგვექმნას“
არასამთავრობო ორგანიზაციები შეწყალების კომისიის რეფორმირებას ითხოვენ,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ და „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ლექსო კობაიძემ ისაუბრეს.
უფლებადამცველების თქმით, პრეზიდენტის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული უნდა იყოს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ შეწყალების კომისიის საქმიანობის გამო შესაძლოა, ციხეებში ვითარება დაიძაბოს. ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, პატიმრებში ვნებათაღელვას იწვევს ის, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალება ხდება და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები კი მათი საკითხის განხილვას წლობით ელოდებიან.
„ის წესი, რომლითაც შეწყალება ხდება, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, იწვევს უკმაყოფილებას და ვნებათაღელვას ციხეებში, საზოგადოებაში. დაუშვებელია, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალება ხდება და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები კი საკუთარი საკითხის განხილვას წლობით ელოდებიან. ამის გამო ციხეებში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვექმნას და არეულობა მოხდეს. შეწყალებებს ხშირად აქვს სარჩული, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება, ამიტომაც ვფიქრობ, თითოეული შეწყალება დასაბუთებული უნდა იყოს. შეწყალების კომისიის წევრები უნდა შეხვდნენ პირადად იმ ადამიანს, რომელიც შესაძლოა, შეიწყალონ და გაიგონ, ვის იწყალებენ.
ხშირად არ ხდება მსჯავრდებულის სრული საქმის და პიროვნების შესწავლა. შეწყალების გარკვეული წესი არსებობს, მაგრამ როდესაც პრეზიდენტის მიერ ექსკლუზიურად ხდება შეწყალება, იქ არანაირი წესი არ მოქმედებს. პრეზიდენტს შეუძლია, ერთი დღე რომ ზის ადამიანი ციხეში, ისიც კი შეიწყალოს“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
უფლებადამცველების თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხშირად საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს და საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ შესაძლოა, შეწყალების კომისია პრეზიდენტს შეგნებულად, ანგარების მიზნით წარუდგენს მსჯავრდებულების სასურველ სიას.
„შეწყალების კომისიის დაკომპლექტება არასტანდარტულად ხდება. ვფიქრობთ, ყველა უფლებადამცველს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. შეწყალების კუთხით პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხშირად საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს. ჩვენ ვთავაზობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გამოიცეს ახალი ბრძანებულება შეწყალების კომისიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რათა პრეზიდენტის მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ დასაბუთებული იყოს. პრეზიდენტს წერილობითაც წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებას. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რატომ იღებს პრეზიდენტი კონკრეტულ გადაწყვეტილებას. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ შესაძლოა, შეწყალების კომისია შეგნებულად, ანგარების მიზნით წარუდგენს პრეზიდენტს მსჯავრდებულების სასურველ სიას“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.