თინა ხიდაშელი თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.
როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, არსებობს ჩვეულებრივ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელიც ფორმალურად თანამშრომლებსა და უწყების ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობებს არეგულირებს.
მისივე თქმით, თუ ადამიანი მსჯავრდებულია, ის კანონის თანახმად თავისუფლდება სამსახურიდან.
“მე არ ვიცი რა წესი აქვთ იუსტიციის სამინისტროში არაფორმალურად დადგენილი, მაგრამ არსებობს ჩვეულებრივ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელიც ფორმალურად არეგულირებს ურთიერთობებს თანამშრომლებსა და უწყების ხელმძღვანელებს შორის. ასევე წულუკიანი ამბობს, რომ თუკი მსჯავრდებულია ან ბრალდებული, მაშინ გავათავისუფლებთო ხოლმე დროებით. ეს არის განსხვავებული მდგომარეობა, რადგან ჩვენ შემთხვევაში მსჯავრდებულებზე არ არის საუბარი. თუ მსჯავრდებულია ადამიანი ის კანონის თანახმად თავისუფლდება სამსახურიდან და არა რაიმე არაფორმალურად დადგენილი წესით”, – აღნიშნა ხიდაშელმა.