ორი მოწმის ინფორმაციის საფუძველზე საცხოვრისში რეგისტრაციის წესი შეიცვალა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ორი მოწმის ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირის საცხოვრისში რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი იცვლება, – ამის შესახებ “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამიერიდან სხვის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესში უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დღემდე მოქმედი პროცედურით, იყო ბინაში უცხო პირის დარეგისტრირების შემთხვევები, რომელიც არც ფაქტობრივად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და არც მესაკუთრის თანხმობა ჰქონდა რეგისტრაციისათვის; ეს კი არღვევდა მესაკუთრის უფლებებს და უზრდიდა მას კომუნალური მომსახურების გადასახადების ხარჯებს. ასევე, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც შემთხვევით ნაპოვნი ორი მოწმის ინფორმაციის საფუძველზე პირი რეგისტრირდებოდა სხვის საცხოვრისში სხვადასხვა მიზნისათვის. ახალი ბრძანებით, საცხოვრისის მესაკუთრისათვის მარტივდება ასეთი პირების რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურაც.
ახალი რეგულაციით, სხვადასხვაგვარად რეგულირდება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის, იურიდიული პირის საკუთრებაში, მეორე მხრივ კი − ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაცია. სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის, იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის აუცილებელია მესაკუთრის თანხმობა და ასეთ შემთხვევებში ორი მოწმის ინსტიტუტი გაუქმდა; ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის კი საჭიროა მესაკუთრის თანხმობა ან ორი მოწმის წერილობითი დასტური, რომ რეგისტრაციის მსურველი პირი უკანასკნელი 3 თვის (ნაცვლად 1 თვისა) განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს სარეგისტრაციო მისამართზე. ორივე მოწმემ უნდა დაასაბუთოს, თუ საიდან შეიძლება ჰქონდეთ მათ უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული პირი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს 3 თვის განმავლობაში. აქამდე მოწმეებს ეს ვალდებულება არ ჰქონდათ. ასევე, ახალი წესის თანხმად, ორივე მოწმე გაფრთხილდება ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და ამის თაობაზე საკუთარი ხელით შეავსებს გაფრთხილების გრაფას. ეს გამორიცხავს ისეთი მოწმის არსებობას, რომელსაც არ შეუძლია წერა-კითხვა, რის შემთხვევებიც აქამდე არსებობდა. საცხოვრისის მესაკუთრემ რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ მხრივ წესი რჩება უცვლელი. შეიცვალა დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა რეგისტრაციის წესიც. დღემდე ამისათვის მხოლოდ პირადი განცხადება იყო საჭირო. ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მისამართზე რეგისტრაციისათვის ყველა ის დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ, რომელთა წარდგენასაც კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეს ავალდებულებს. ეს თავიდან აგვაცილებს ისეთ სიტუაციებს, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხშირ შემთხვევაში კომუნალური გადასახადების გადახდისას ან არჩევნების წინ საკუთარ ბინაში რეგისტრირებულ მისთვის უცნობ უცხოელებს აღმოაჩენდა. გამარტივდა მესაკუთრის მიერ მის საცხოვრისში რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. მესაკუთრე აღარ არის ვალდებული, წარადგინოს ორი მოწმის წერილობითი ჩვენება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი არ ცხოვრობს მის საკუთრებაში. რეგისტრაციიდან მოხსნის განაცხადთან ერთად საკმარისია, მესაკუთრემ წარადგინოს მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებელი შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი. გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის თაობაზე ათი დღის ვადაში უნდა იქნეს მიღებული.
მესაკუთრეს გადაეცემა მის საკუთრებაში რეგისტრირებულ პირთა სია, ხოლო პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ჩაითვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ასევე, გაუქმდა ე.წ. პირობადებული რეგისტრაციის ინსტიტუტი, რომლის მიხედვითაც, როდესაც მესაკუთრე მისი საცხოვრისიდან უცხო პირების რეგისტრაციიდან მოხსნას მიაღწევდა, მას უნდა დაეცადა მომდევნო 6 თვე, რომ რეგისტრაციიდან მოხსნა რეალურად შესულიყო ძალაში. ბრძანებაში ცალსახად ჩაიწერა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, მესაკუთრეს მიაწოდოს იმ პირთა სია, ვინც აღმოჩნდება მის საცხოვრისში რეგისტრირებული. ამ ჩანაწერის საჭიროება განაპირობა იმან, რომ არაერთი მესაკუთრე, რომელმაც სხვადასხვა დროს იუსტიციის მინისტრს მიმართა, ჩიოდა, რომ მის ბინაში რეგისტრირებულ პირთა რიცხვი აღემატებოდა მასთან ერთად მცხოვრები პირების ოდენობას, მაგრამ ვერ იღებდა ინფორმაციას მისთვის უცნობი პირების შესახებ, რომლებიც მის საცხოვრისში იქნენ მისი ნებართვის გარეშე რეგისტრირებულნი. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2945851). ახალი ნორმების პრაქტიკაში გამოყენების მონიტორინგი გუშინვე დაიწყო და ყოველთვე განხორციელდება ამ ნორმების გაუმჯობესებაზე მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები