თინა ხიდაშელი: სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ

ჩემთვის ამ სამინისტროში ყველაზე მთავარი კანონის უზენაესობის დამკვიდრებაა, სწორედ ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან, – ე.წ. კაბელების საქმეზე 5 ბრალდებულიდან 4 -ის უწყებაში დაბრუნების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო მტყუან-მართლის გამრჩევი უწყება არაა.
მისივე თქმით, ბრალდებულების უწყებაში აღდგინება, ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოხდა, რადგან სასამართლომ ბრალდებულები საფრთხედ აღარ მიიჩნია. “თავდაცვის სამინისტრო არ არის: დამნაშავე-უდანაშაულოს, მტყუან-მართლის განმსჯელი, ეს ჩვენი საქმე არ არის, ამას სასამართლო გადაწყვეტს. ამ ადამიანების მიმართ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო წარმოება, სხდომა 3 სექტემბერსაა ჩანიშნული და სასამართლო დაადგენს, საბოლოო ჯამში, მართლები იყვნენ ეს ადამიანები თუ დამნაშავეები. მათი აქ მოსვლით, ხელი შეეშლება თუ არა გამოძიებას, ამაზეც სასამართლომ გასცა თავის გადაწყვეტილებაში პასუხი, როდესაც მათ პატიმრობა სხვა აღმკვეთი ღონისძიებით შეუცვალა. იქ ითქვა, რომ პატიმრობა იმიტომ აღარ, რომ ისინი აღარ წარმოადგენენ საფრთხეს. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხი სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია. ჩემთვის ამ სამინისტროში ყველაზე მთავარი კანონის უზენაესობის დამკვიდრებაა და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ. სწორედ ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან”, – განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის უწყებაში 5 ბრალდებულიდან არ აღდგენილა ერთი, გიზო ღლონტი, რომელიც უწყებაში შესყიდვების უფორისის თანამდებობას იკავებდა. მან 2013 წლის 31 დეკემბერს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამინისტროში თანამდებობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები