კახა იმნაძე: მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე
რუსეთმა არ შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და აგრძელებს პროვოკაციებს კონფლიქტის ზონაში, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კახა იმნაძემ მცოცავი ოკუპაციისა და რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ნაბიჯებზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა.
“6-პუნქტიანი ხელშეკრულება 7 წლის წინ გაფორმდა, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კი ისევ ოკუპირებულია. შედეგად, ირღვევა ადამიანის უფლებები, საქართველოს 100 ათასობით მოქალაქე კი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი სახლები. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მეტიც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 10 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება და განლაგებულია შემტევი ტიპის მძიმე სამხედრო ტექნიკა. რუსეთი განაგრძობს რეგიონში მავთულხლართების გაბმას. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად,” – განაცხადა კახა იმნაძემ.