ნინო ბურჯანაძე: თუ აღვადგენთ ნდობას აფხაზებთან და ოსებთან, კონფლიქტის დარეგულირებას შევძლებთ
თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ, ერთი მხრივ, აღვადგენთ ნდობას აფხაზებთან და ოსებთან და, მეორე მხრივ, თუ რუსეთი პოზიტიურ როლს შეასრულებს, ჩვენ ამ კონფლიქტის დარეგულირებას შევძლებთ, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ენ-ტე-ვესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარეს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა მათ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ იგი არ აპირებს შეხვედრის დეტალებზე საუბარს.
“მთავარი, რაც შემიძლიათ გითხრათ, არის ის, რომ ყველა მტკივნეული თემა, რომელსაც მე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვნად მივიჩნევ, პრაქტიკულად ჩვენ განვიხილეთ”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.