პრემიერი დიდგორის ველის ინფრასტრუქტურული განახლების ინიციატივით გამოდის

გვინდა, გაისად განახლებული მოედანი იყოს და ყველაფერი ისე მოეწყოს, როგორც ჩვენს დიდ მეფეს ეკადრება, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორის ველის ინფრასტრუქტურული განახლების ინიციატივით გამოვიდა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს შესაბამისი დავალებაც მისცა.
პრემიერმა ასევე განათლების მინისტრს, თამარ სანიკიძეს და სკოლის დირექტორებს მიმართა და მოსწავლეების დიდგორის ველზე ჩამოყვანა და მისი ჩვენება დაავალა.
“დიდგორობა ჩვენი საამაყო დღე და დღესასწაულია. ჩვენი ვალია, ყოველ წელს აქ მოვიდეს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მოსახლეობა და ეს დღე ვიზეიმოთ. მინდა ორი ინიციატივის შესახებ განგიცხადოთ: აქ განსაახლებელია ინფრასტრუქტურა, მინდა ნოდარ ჯავახიშვილს დავავალო, გუბერნატორს უკვე დავავალე, რომ დავიწყოთ პროექტირება. გვინდა, გაისად განახლებული მოედანი იყოს და ყველაფერი ისე მოეწყოს, როგორც ჩვენ დიდ მეფეს ეკადრება. კიდევ ერთი ინიციატივა არის ის, რომ მინდა განათლების მინისტრს მივცე დავალება, რომ ყოველწლიურად ყველა სკოლის დირექტორს დაევალოს, ბავშვების აქ ჩამოყვანა და დიდგორის ველის ჩვენება. ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები