საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქეთში განვითარებული პროცესები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის მიმართ.
„საქართველო ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის გამო და აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში.
თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო თურქეთის ერთერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა კონკრეტული პროექტების ფარგლებში დაეხმაროს თბილისში, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები.