კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა მარტინ კროიტნერს რწმუნებათა სიგელი გადასცა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის” (IACA) დეკანს და აღმასრულებელ მდივანს მარტინ კროიტნერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩსა და “საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის” აღმასრულებელ მდივანს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს “საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის” საქმიანობის მიმართულებები, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ანტიკორუფციული რეფორმები და საქართველოსა და “საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას” შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ბატონმა მარტინ კროიტნერმა ხაზი გაუსვა საქართველოში წარმატებულად განხორციელებულ და მიმდინარე ანტიკორუფციულ რეფორმებს და “საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის” წევრებისათვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
შეხვედრის ბოლოს ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა “საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის” აღმასრულებელი მდივანი საქართველოში მოიწვია.
2015 წლის 26 მარტს ქართულმა მხარემ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს გადასცა “საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმებასთან” საქართველოს შეერთების სიგელი. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, “საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმება” საქართველოსთვის 2015 წლის 25 მაისს შევიდა ძალაში. ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში” 64 ქვეყანაა გაწევრიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები