საგარეო უწყება ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“2015 წლის 10 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის სასოფლო – სამეურნეო სავარგული ბანერს მიღმა მოექცა. მსგავს უკანონო ქმედებას ადგილი ჰქონდა ასევე 6 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს განმეორებით დამონტაჟდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ადეკვატური ზომები ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.