შეცდომა ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელის ბანერზე, რომლის სწორი ვარიანტი დირექტორმაც კი არ იცის

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, რომელიც სამი წელია თანამდებობას იკავებს და ყოველდღე სამსახურში ცხადდება, დღემდე არ იცის, ვის ეკუთვნის ჭიშკარზე დამონტაჟებულ სტიკერზე წარწერა – „თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო“, – ამის შესახებ „კვირას“ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სტიკერს 25 დღის შემდეგ შეცვლის, თუმცა, არასწორი თარგმანის გამო.
ბოტანიკურ ბაღის შესასვლელში დამონატაჟებულ სტიკერზე, სადაც მომღერალ ჰამლეტ გონაშვილის ცნობილი სიმღერის: „თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო“, – ავტორად ვაჟა-ფშაველა შეცდომით არის მითითებული. ამ ლექსისა და სიტყვების ავტორი ვაჟა-ფშაველა არ არის.
როგორც „კვირასთან “ საუბრისას ბოტანიკური ბაღის დირექტორმა განაცხადა, მას პრეტენზია აქვს ინგლისურ თარგმანთან დაკავშირებით, თუმცა „კვირასთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ ტექსტის ავტორის ვინაობა ნამდვილად არ იცის. „არ მომწონს ამ ტექსტის ინგლისური თარგმანი. როგორც ვიცი, ეს სიტყვები ვაჟა-ფშაველას ეკუთვნის, ან ხალხური შემოქმედებიდანაა აღებული. ეს წარწერა ჯერ კიდევ 2006 წლიდან არსებობს. მე სულ სამი წელია, რაც დავინიშნე ამ თანამდებობაზე, კერძოდ, 2012 წლიდან ვასრულებ ჩემს მოვალეობას“, – აცხადებს თამაზ დარჩიძე.
მისი თქმით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბევრი რამ შეიცვალა. დარჩიძის ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია უკვე რამდენიმე კვირაა სატენდერო პირობებზე მუშაობს.
დირექტორი ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციას გეგმავს, მათ შორის ბეჭდური სტიკერებისაც.
მისი თქმით, სატენდერო პირობებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურად დღეს ან ხვალ საღამოს ოფიციალურად გამოაქვეყნებს.
„დიდი ხანია შესაცვლელია ბაღის ცენტრალური შემოსასვლელის კარიბჭე, ამიტომ თანდათან ვცდილობთ, შევცვალოთ და უფრო გავალამაზოთ ბოტანიკური ბაღის იერსახე. აქამდე მიმდინარეობდა სხვადასხვა რეკონსტრუქციაზე ანგარიშების დათვლა. დღეს დღის ბოლოს ან ხვალ ოფიციალურად გავასაჯაროებთ სატენდერო პირობებს და გამოცხადდება ტენდერი. ამის შემდეგ ტენდერში გამარჯვებული კომპანია 25 დღეში გახდება ცნობილი“, – აცხადებს დირექტორი.
რაც შეეხება სტიკერზე წარწერას, რომელიც ბოტანიკური ბაღის შესასვლელ კარიბჭეზეა – „თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო“, „კვირას“ ინფორმაციით, ეს სიტყვები პროფესიით ფილოლოგსა და მკვლევარს ნათელა ონაშვილს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
ლექსი არც ხალხურია და არც არა ვაჟა-ფშაველაა ავტორი, არამედ – პროზაიკოსი და ლიტერატურისმცოდნე ნათელა ონაშვილი. ეს იცის სამწერლობო საზოგადოებამაც და იცოდა სიმღერის შემსრულებელმა ჰამლეტ გონაშვილმაც, – გვითხრა ნათელა ონაშვილის მეგობარმა, პოეტმა მანანა ჩიტიშვილმა. მანანა ჩიტიშვილის წერილი „ვინ დაწერა ლექსი “თუ ასე ტურფა იყავი…” 2012 წლის ლიტერატურულ ჟურნალ „ხელეურის“ მე-3 ნომერშია გამოქვეყნებული.
„ეს ლექსი მისმა ჭეშმარიტმა ავტორმა ნათელა ონაშვილმა რამდენიმე მეგობარს წაგვიკითხა, როგორც ხალხური, რომელიც მან თითქოს სოფელში ჩაიწერა.  ეს პირველი შემთხვევა არ იყო, რომ საკუთარ ტექსტებს ნათელა ონაშვილი ახალხურებდა. ეს ლექსიც მან, ხალხური პოეზიის სხვა ნიმუშებთან ერთად, ვახუშტი კოტეტიშვილს გადასცა. ლექსის დაწერის ისტორია შესულია ნათელა ონაშვილის წიგნშიც „მანძილი ზეცამდე“. შემდეგ ისე გახალხურდა ლექსი, რომ ავტორი მიივიწყეს, თუმცა მისმა მეგობრებმა და თანამედროვე მწერლებმა კარგად ვიცოდით ამ ქალბატონის საგანგებოდ დამალული გატაცება პოეზიით, ის მაღალი პოეტური გემოვნება და ცოდნა, რასაც იგი პირად საუბრებსა თუ ლიტერატურულ წერილებში ამჟღავნებდა.  ქალბატონი ნათელას სიყვარული ქართული ლექსისადმი უჩვეულოდ მოწიწებული იყო, ვფიქრობ, ამითვე იყო განპირობებული მისი უცოდველი ტყუილი, საკუთარ ლექსს რომ რომელიმე ავტორს მიაწერდა ხოლმე და უცხო თვალით აკვირდებოდა მსმენელში აღძრულ ემოციებსა და შეფასებებს“…
მანანა ჩიტიშვილის თქმით, როდესაც პირველად დაისვა ლექსის ავტორობის საკითხი, ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელ სახლში ნათელა ონაშვილმა თავიდან ბოლომდე მოყვა ეს ისტორია, ამის შემსწრეა მწერალთა ერთი ჯგუფი, მათ შორის: ვანო ჩხიკვაძე და გივი შაჰნაზარი. ეს იცოდნენ საქართველოს რადიოს პირველი არხის თანამშრომლებმაც. მათ რამდენჯერმე ეთერში მსმენელის გამოსაცდელად დასვეს კითხვა, გამოეცნოთ: ვინ იყო ლექსის – „თუ ასე ტურფა იყავი“… ავტორი. ამით კიდევ ერთხელ შეახსენეს მსმენელს ავტორის ვინაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები