„ნინო ბურჯანაძის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა იკვეთებოდეს“

ნინო ბურჯანაძისთვის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეობის საკითხის გაუქმების საკითხს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება პარტიას და ამ პარტიის სახელით არჩეულ წევრებს პრობლემებს შეუქმნის. ბურჯანაძის გუნდის წევრი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საქმეში შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა იკვეთებოდეს.
„ ეს უპრეცედენტო საკითხია. საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ, რომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოლქის ბათილად ცნობა მომხდარიყოს სასამართლოს მიერ, ჩვენ პრაქტიკაში არ გვხვდება. გაურკვეველია, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას. სამართლებრივი აქტი ამ შემთხვევაში ცესკოში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირდაპირი საფუძველი ხდება. საქმე უკვე კვალიფიცირებული და ყველა საარჩევნო ოლქში უკვე არჩეული დეპუტაციის უკან გამოწვევას, ან არ გამოწვევას ეხება. გაურკვეველია, უნდა მოხდეს თუ არა მათი პარტიიდან ჩამოშორება, უნდა მოხდეს თუ არა მიღებული დაფინანსების რეგულაციებში მოქცევა… ძალიან დაგვავალებენ, თუ განგვიმარტავენ, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება და თავისი არსით რა სამართლებრივი შედეგის მომტანი იქნება პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც თავისი კანდიდატურები ხალხს წარუდგინა და პირდაპირი საარჩევნო გზით მათი არჩევა მოხდა. რა ბედი უნდა ეწიოთ ამ ადამიანებს. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური კონიუქტურა იკვეთებოდეს. თუკი „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ პოლიტიკური ექსპანსია განხორციელდება საქართველოს უახლოეს ისტორიაში შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა გამოიწვიოს“.- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები