მდინარე ჩვეშურაში 12 წლის მოზარდს მეოთხე დღეა ეძებენ
რაჭაში, სოფელ ღებში მდინარე ჩვეშურაში 12 წლის მოზარდს უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც „კვირას“ სოფელ ღების დეპუტატმა სერგო ლობჟანიძემ განუცხადა, მოზარდი მშობლებთან და ბიძასთან ერთად სოფელ გონას მთავარანგელოზის ეკლესიის მოსალოცად თბილისიდან ჩავიდა. მისი თქმით, უკანა გზაზე დაბრუნებისას, ისინი მდინარე ჩვეშურასთან ცოტა ხნით შეჩერდნენ და ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, რა დროსაც 12 წლის ბიჭს ქვაზე ფეხი დაუცდა და მდინარის დინებამ წაიღო.
როგორც სერგო ლობჟანიძემ „კვირას“ განუცხადა, მდინარეში დაკარგული ბიჭის მშობლებს შვილი 15 წლის განმავლობაში არ უჩნდებოდათ. მოზარდი დედისერთა იყო. დეპუტატის თქმითვე, იმ დღეს ნალექის გამო ჩვეშურა სხვა დღეებთან შედარებით მეტად სწრაფი და ადიდებული იყო. ბიჭის გადასარჩენად მამა მაშინვე გადახტა, თუმცა სწრაფი დინების გამო მდინარიდან ისიც ძლივს ამოიყვანეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებოს სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები.