ჩვილი ბავშვების ვაჭრობაში ბრალდებულები, რუსთავის „სამშობიარო სახლის“ ექიმები სასამართლოდან გაათავისუფლეს
ჩვილი ბავშვების ვაჭრობაში (ტრეფიკინგის) ბრალდებულებს რუსთავის „სამშობიარო სახლის“ გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეს, ექიმ-გინეკოლოგს აღმკვეთი ღონისძიება წინასწარი პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსთავის „სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი პატიმრობიდან 30 ათასი ლარის გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლდა, ხოლო ამავე სამშობიაროს ექიმმა-გინეკოლოგმა კონსტანტინე მანჯავიძემ 20 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანა. დაცვის მხარემ მოსამართლეს წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეს, რომელსაც საქალაქო სასამართლო იხილავს, 7 ბრალდებული ჰყავს. ბრალდებულებს გირაოს თანხა ჯერ არ გადაუხდიათ, მათ ეს თანხა 10 დღის ვადაში, 14 აგვისტომდე უნდა გადაიხადონ. დანარჩენებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ისინიც პირადი თავდებობით გაათავისუფლეს.
„კვირას“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, რუსთავის „სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორი, ბრალდებული ბარავკოვი 4 აგვისტოს საავადმყოფოში მოათავსეს.
„საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ვიმყოფები, როგორც კი გამათავისუფლეს, საპატიმროდან პირდაპირ კლინიკაში გადმომიყვანეს. ოპერაცია გავიკეთე და დღემდე ვმკურნალობ. საერთოდ, რომ იცოდეთ, დამნაშავედ არ მივიჩნევ ჩემს თავს და ყველაფერს სასამართლო გაარკვევს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას.
„კვირა“ ბარავკოვის მოადგილეს, ექიმ-გინეკოლოგ კონსტანტინე მანჯავიძესაც დაუკავშირდა. როგორც მანჯავიძემ აღნიშნა, იგი სამსახურში ცხადდება და მისთვის სამედიცინო საქმიანობა არავის შეუზღუდავს.
„სამსახურში დავდივარ, ჩემთვის საქმიანობა არავის შეუზღუდავს. საპატიმროდან კი 4 აგვისტოს გამათავისუფლეს, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა“, – განაცხადა კონსტანტინე მანჯავიძემ.
ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმის კიდევ ერთ ბრალდებულს მზია უგრეხელიძეს აღმკვეთი ღონისძიება – წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ერთი თვის წინ შეუცვალა. მზია უგრეხელიძის ინფორმაციით, იგი თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ საავადმყოფოს შინაგანაწესი დაარღვია.
„ჩვილი, რომელზეც დედა უარს ამბობდა, საავადმყოფოში მივიღე, მოვუარე და გადავარჩინე. მოვიდა დედა და მეუბნებოდა, რომ სახლში კიდევ 2 შვილი მყავს და თავზე ვერ დავადგებიო. ბავშვი გადაყვითლებული იყო, მიმღებში კი დავაფიქსირე, მაგრამ პაციენტის ისტორია არ გავხსენი. ჩვილი 24 საათის განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული, ჩემი დანაშაული სწორედ ეს არის და სწორედ ამიტომ დავარღვიე საავადმყოფოს შინაგანაწესი, რომ ჩვილის ისტორია არ გავხსენი. თორემ, როგორც ექიმმა, ჩემი ვალდებულება შევასრულე და ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნე. მე სხვა დანაშაული არაფერი ჩამიდენია“, – აცხადებს „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მზია უგრეხელიძე.
მისი თქმით, იგი ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფება და სამედიცინო საქმიანობას 10 აგვისტოდან გააგრძელებს.
ადვოკატ ლევან ზაქრაძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით დაზარალებული გოგონა, რომლის გაშვილებასაც აპირებდნენ, ამჟამად სოციალურ სააგენტოს მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„გოგონა ამჟამად სოციალურ სააგენტოს ჰყავს. საქმის მასალებში დაზარალებული ეს ბავშვია, რომელიც თავის დროზე ნორმალურ ოჯახს უნდა ეშვილა. დედა აბორტის გაკეთებას აპირებდა და 26 კვირის ნაყოფის მოშორება სურდა, ამ ექიმმებმა კი ურჩიეს და გადაარჩინეს. სიცოცხლე შეუნარჩუნეს და მოაურეს. დედა და მისი შეყვარებული კაციც საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულები არიან“, – აცხადებს ადვოკატი ლევან ზაქრაძე.
მისი თქმით, ქალბატონს, რომელსაც კიდევ 2 შვილი ჰყავს, ვარკეთილის დასახლებაში ცხოვრობს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა განიზრახეს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს სთავაზობდნენ, თანხის სანაცვლოდ, ახალშობილი ბავშვის მიტოვებას, რომლის გასხვისებასაც შემდგომ თავად უზრუნველყოფდნენ. საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 5 000 დოლარი. აღნიშნულ ფაქტზე ამჟამად გამოძიება თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17 წლამდე ვადით.
მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები პროკურატურას გადაეცა, საქმეზე 7 ბრალდებული პირი გამოიკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 18 აგვისტოს განახლდება. სასამართლო პროცესი ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
იზა შაქარაშვილი