ეკა ბესელია: მსგავსი ტიპის ქმედებაზე სახელმწიფოს ვალდებულებაა, პროვოკაციას არ აჰყვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მეზაზღვრეების მიერ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის ფაქტს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა.
ბესელიას შეფასებით, მსგავსი ტიპის ქმედებაზე სახელმწიფოს ვალდებულებაა, პროვოკაციას არ აჰყვეს. მისივე თქმით, ასეთი ტიპის გამოწვევებს სახელმწიფომ შესაბამისი პოლიტიკური, დიპლომატიური მექანიზმებით უნდა უპასუხოს.
„ასეთი ტიპის პროვოკაციები, შიგადაშიგ, უნდა ვიცოდეთ, რომ იქნება, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა და ჩვენი გამოწვევა სწორედ ისაა, რომ ჩვენ პროვოკაციებს კი არ უნდა ავყვეთ და მსგავსი ტიპის ქედებებზე ემოციური რეაქცია კი არ უნდა გვქონდეს, მაგალითად, იმგვარი არასერიოზული და უპასუხისმგებლო, როგორიც ჰქონდათ ბარნოვს და სხვა მსგავს ადამიანებს, არამედ ასეთი ტიპის გამოწვევებს სახელმწიფომ შესაბამისი პოლიტიკური, დიპლომატიური მექანიზმებით უნდა უპასუხოს“, – განაცხადა ბესელიამ.
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი კვლავ დააბრუნეს.
აღნიშნული ადგილის სიახლოვეს ქართველმა სამართალდამცველებმა მედიის გადაადგილება კვლავ შეზღუდეს. ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავს იკავებენ ადგილობრივებიც.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის იაგო საურის თქმით, შეზუდვა გარკვეული დროით უსაფრთხოების გამო დაწესდა.
შეგახსენებთ, რომ ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაამონტაჟეს, თუმცა ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა მისი დემონტაჟი მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები