ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა
აღმოსავლეთ თურქეთში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება სამშაბათს დილით ყარსის პროვინციის სარიკამიშის რაიონში მოხდა. აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით გაზის მიწოდება დასახლება იაკბაშანში შეჩერებული იყო.
ამჟამად პოლიცია აფეთქების მიზეზებს ადგენს. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავენ.
გასულ კვირას შირნაკის პროვინციაში თავდასხმა მოხდა კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენზე. წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტი ქურთთა მუშათა პარტიის „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.
თურქეთში მდგომარეობა 20 ივლისის შემდეგ გართულდა, როდესაც ქალაქ სურუჩში ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს.