გრიგოლეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები – ავარია, რომელმაც ორსული ქალი, 2 წლის შვილი და ოჯახის სხვა წევრები შეიწირა
ბათუმში მიმავალი ბალხამიშვილების ოჯახის ექვსი წევრისთვის 1 აგვისტო სიცოცხლის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილში მჯდომი მრავალრიცხოვანი ოჯახის ბედი გრიგოლეთში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ გადაწყვიტა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ერთ დღეს ერთად ექვსი ცხედარი ჩაასვენეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ „კვირამ“ სულისშემძვრელი ინფორმაცია მოისმინა. საბედისწერო დღეს გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე 25 წლის ლელა ლურსმანიშვილი იყო. ამავე ავტომობილში იმყოფებოდა ლელას მეუღლე, 25 წლის გურამ ბალხამიშვილი და მათი 2 წლის გოგონა – ბარბარე.
ტრაგედიამ, ახალგაზრდა ოჯახის გარდა, ბალხამიშვილების დიასახლისი, გურამ ბალხაშვილის დედა – 43 წლის მანანა მორგოშია, მისი დისშვილი – 28 წლის ელისო ნაყოფია და ძმისშვილი – 25 წლის ობოლი ვიტალი მორგოშია შეიწირა.
ტრაგიკულად დაღუპული ბალხამიშვილების ოჯახის შესახებ „კვირას“ სოფლის გამგებელმა ლიკა ქვარცხავამ უამბო. როგორც ქვარცხავა ყვება, ბალხამიშვილებს მატერიალურად უკიდურესად უჭირდათ და ახლა ადგილობრივი ხელისუფლება იმაზე ფიქრობს, სად დაასვენონ მიცვალებულების ცხედრები.
„გუშინ მანანა მარგოშია ოჯახთან ერთად ბათუმში, ძმასთან სტუმრად მიემგზავრებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. ბალხამიშვილების ისტორიამ არა მარტო რეგიონი, მთელი საქართველო შეძრა. რაც შეეხება მათ ყოფას, მანანა მეუღლესთან გაშორებული იყო, ქმარი კი თბილისში ცხოვრობდა. მათ არაერთხელ მოუმართავთ გამგეობისთვის დახმარების თხოვნით. მეც არაერთხელ ვყოფილვარ მათ ოჯახში. შეძლებისდაგვარად, გამგეობა ეხმარებოდა კიდეც. ვინაიდან მათი საცხოვრებელი სახლი საკმაოდ მცირე ფართისაა, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გამონახოს რაიმე გზა, იმისთვის, რომ მიცვალებულები დროებით სადმე დაასვენოს“, – განუცხადა „კვირას“ სოფელ რუხის გამგებელმა.
გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გრიგოლეთში ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად “მერსედესის” მარკის ავტომანქანა აფეთქდა.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსის მგზავრებს, ისინი გადარჩნენ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ფოთის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის პიკაპის ტიპის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და დაშავებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები და სამი პოლიციელი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
ია მგალობლიშვილი