„საქართველოს სპორტის საზოგადოება“ ზვიად სიჭინავას და რევაზ არველაძის გადადგომას და გამოძიების დაწყებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოება“ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის ზვიად სიჭინავას და გენერალური მდივნის რევაზ არველაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ორგანიზაციის წევრები საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, ფედერაციაში არსებული დარღვევებით დაინტერესდნენ და შესაძლო კორუფციული სქემები შეისწავლონ.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბექა სამუშიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აუცილებელია კანონის ფარგლებში ფედერაციის საქმიანობაზე მონიტორინგი განხორციელდეს. სამუშიას განცხადებით, აუცილებელია საგამოძიებო ორგანოები სუპერთასის ბილეთების „შავ ბაზარზე“ მოხვედრის ფაქტითაც დაინტერესდნენ. უფლებადამცველის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მხოლოდ ბილეთების გადამყიდველებს არ უკავშირდება და შეიძლება ამაში ფედერაციის მესვეურები – ზვიად სიჭინავა და რეზო არველაძეც მონაწილეობდნენ.
„ნათელია, რომ ბილეთების სოლიდური რაოდენობა გულშემატკვრის გვერდის ავლით მოხვდა „შავ ბაზარზე“ და საკმაოდ სოლიდურ თანხებად იყიდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არ უკავშირდება მხოლოდ ბილეთების გადამყიდველებს და შეიძლება ამაში ფედერაციის მესვეურები: ზვიად სიჭინავა და რეზო არველაძეც მონაწილეობდნენ, რაც მათი ბრალეულობის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ამ ეჭვს ამყარებს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოფიციალურად დაგეგმილზე ნაკლები ბილეთი გაიყიდა, ასევე სევილიამ დააბრუნა გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი 2700 ბილეთი, რაც ოფიციალურად გასაყიდად არც გამოსულა და ამ დრომდე გაურკვეველია, თუ სად და როდის გაიყიდება ეს ბილეთები. სამარცხვინო იყო ის, რომ ბილეთები ჯიხურებიდან სპეციალურად შედგენილი სიების მიხედვით გასხვისდა. ეს ძალიან აზარალებს ქვეყნის იმიჯს“, – განაცხადა ბექა სამუშიამ.
გარდა ბილეთების გაყიდვის გარშემო გაჩენილი კითხვებისა, არასამთავრობო ორგანიზაცია აგრეთვე ფეხბურთის ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხების გახარჯვის მიზნობრიობით ინტერესდება. სამუშიამ ხელისუფლებას ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაზე მონიტორინგი სთხოვა.
„იხარჯება სოლიდური თანხები (წელიწადში 40 მილიონზე მეტი) ფეხბურთის განვითარებაზე და შედეგების მიხედვით ჩვენზე გაცილებით დაბალბიუჯეტიანი ქვეყნებიც გვისწრებენ მსოფლიო საფეხბურთო რეიტინგში (საქართველო 153 ადგილი). მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კანონის ფარგლებში ჩაერიონ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში და მიიღონ ქმედითი ზომები, რათა ქართველი გადასახადის გადამხდელთა ფული არაეფექტიანად არ იხარჯებოდეს და გულშემატკივრებმა მივიღოთ სათანადო შედეგები. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ზვიად სიჭინავას და რევაზ არველაძეს კი გადადგომისკენ მოვუწოდებთ. აუცილებელია შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ წლების განმავლობაში მათი საქმიანობა ფეხბურთის ფედერაციაში“, – აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ფედერაციის პრობლემებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმადგენლები 30 ივლისს, 12:00 საათზე, ფეხბურთის ფედერაციასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.