თავდაცვის მინისტრი უწყებისთვის კომპანიების მიერ აშენებული ობიექტების ინფრასტრუქტურით უკმაყოფილოა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებული ძალებისთვის კომპანიების მიერ აშენებული ობიექტების ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი უხარისხოდაა შესრულებული და ამიტომ, უწყების მშენებარე ობიექტებზე მომუშავე კომპანიებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრი აცხადებს, რომ იძულებული გახდება, ერთის მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა იქნას გამოყენებული, რათა ზარალი ანაზღაურდეს და, საბოლოო ჯამში, მივიღოთ ის შედეგი, რაზეც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული, მეორე მხრივ კი, ამ კომპანიებთან დაკავშირებით გატარდეს სანქციები.
თავდაცვის მინისტრის აზრით, კომპანიები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს, როცა ეს საქმე ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შენობების მშენებლობას შეეხება.
“როცა აშენებ ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შენობას, იქნება ეს სასადილო, ყაზარმა, თუ სხვა ტიპის დაწესებულება, გარდა იმისა, რომ პატიოსნად უნდა ეკიდებოდე საკუთარ ნაშრომს, ასევე განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეკიდებოდე, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ემსახურები.
სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ. ჩვენ ვხედავთ გუშინ და გუშინწინ დამთავრებულ საქმეს, რომელსაც ვერ იბარებს შეიარაღებული ძალები, რადგან აბსოლუტურად უხარისხოა.
შესაბამისად, ეს მოსაგვარებელი საკითხია. ყველას მინდა, მივმართო, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საქმეს, რადგან პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა სამუშაოს”, – განმარტა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები