თინა ხიდაშელი: შს მინისტრის კანდიდატურაზე კოალიციურ რეჟიმში კონსულტაციები მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კოალიციურ რეჟიმში კონსულტაციები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, პირადად ის კონსულტაციებში არ მონაწილეობს, რადგან უკვე ორი დღეა დასავლეთ საქართველოში სამხედრო ბაზების მონახულებით არის დაკავებული. ხიდაშელი ამბობს, რომ არ იცის, ვინ იქნება ახალი შს მინისტრი.
“ეს არის კოალიციური მთავრობა და კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, ისევე როგორც, სხვა ნებისმიერი მინისტრის შერჩევის დროს მომხდარა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.