ზურაბ ქადაგიძე: ყოფილ პრეზიდენტთან სხვადასხვა ინსტიტუტის დისკრედიტაციის გეგმა მუშავდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხორციელდება.
როგორც ქადაგიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ქალაქის მასშტაბით, 19 ივლისს “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართული აქციის დროს გამოყენებული უხამსი შინაარსის პლაკატების გაკვრა იგეგმება.
„არსებობს გეგმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დამუშავდა, რომ თბილისში უხამსი შინაარსის მატარებელი პლაკატები უნდა განთავსდეს. ეს ადამიანები იმ დონეზე არიან, რომ არანაირ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე საუბარი არ არის. საუბარი არაა, ასევე, თუ რამხელა ინვესტიციაზე და პროექტზეა საუბარი “პანორამა თბილისის” განხორციელებით. სპეციალურად ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძოდ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია. გარკვეული ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პოლიციასთან დაპირისპირებაში შევიდნენ, რის შედეგადაც, ისინი იტყვიან, რომ პოლიცია პოლიტიზებულია. მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასეთი ქმედებების დროს უმკაცრესი ნორმები იქნას გამოყენებული. 19 ივლისის აქცია კი „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართული აქცია იყო“, – აღნიშნა ქადაგიძემ.
მისი თქმით, უკრაინაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან სხვადასხვა ინსტიტუტის დისკრედიტაციის გეგმა მუშავდება, ერთ-ერთი კი ეროვნული ვალუტის დისკრედიტაციის გეგმაა.
„10-კაციანი ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში, უკრაინაში სისტემატურად ჩაბრძანდება, სადაც ისინი ერთობლივად გეგმავენ, როგორ მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტის დისკრედიტაცია. კონკრეტულად ერთი ასეთი ფაქტის შესახებ შემიძლია გითხრათ. ცოტა ხანში ქალაქში ფულის კუპიურები გავრცელდება, რომლებზეც სხვადასხვა წარწერა იქნება გამოსახული, მათ შორის „წადი, ბიძინა“ და სხვა. ეს არის ფულის კუპიურის დამახინჯების მცდელობა, რაც მიზანმიმართული კამპანიაა, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ პირადი ინტერესები დაკმაყოფილდეს. მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის შესაბამის უწყებებს, მაქსიმალურად სწრაფად და კანონის უმკაცრესი ზომით დაიწყოს მოკვლევა. ჩვენ ორგანიზაციის სახელით კი დღესვე წერილობითი სახით მივმართავთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ეს ფაქტები გამოძიებული იქნას“, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები