„ელექტროენერგიის გაძვირებას, ეტაპობრივად, ყველა სხვა პროდუქტის გაძვირება მოჰყვება“

„ სემეკის არგუმენტები გასაზიარებელი არგუმენტებია. ის მოქმედებდა დამოუკიდებლად და ობიქტურად და ეს გარდაუვალი აუცილებლობა იყო. სემეკის მიმართ არ შეიძლება არანაირი პრეტენზია არსებობდეს, პრეტენზია უნდა გვქონდეს ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომელიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ თურმე ის დაპირებები, რომლებიც აქამდე გასცა, წამოცდენა იყო“,- აღნიშნული განცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ნაჭყებიას ვარაუდით, დენის გაძვირებას მრეწველობის პროდუქტების და ტრანსპორტიც გაძვირებაც მოჰყვება. რაც შეეხება სუბსიდირებას, ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი სოციალურად ძალიან დატვირთულია და სუბსიდირება მისთვის სერიოზული ტვირთი იქნება.
„ჩვენ დღეს ამ ხელისუფლების დაპირებების სრულიად საპირისპირო სურათი მივიღეთ. ესაა დაახლოებით 4 თეთრამდე მომატებული ერთი კილოვატი, ყველა იმ საშუალო ოჯახისთვის, რომელიც თვეში 200-250 კილოვატს მოიხმარს, მისთვის ელექტროენერგია ძალიან გაძვირდა. ბუნებრივია, ეს აისახება პურის წარმოებაზეც, საქალაქო ტრანსპორტზეც, განსაკუთრებით მეტროზე და ეს ეტაპობრივად ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს. ლარის კურსის გამო გაძვირების ერთი ეტაპი შემდგარია და შემდომი გაძვირება მოსახლეობისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. რაც შეეხება სუბსიდირებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტს დააწვება ისევ ხარჯად და ჩვენი გადასახადებისგან შედგენილი ბიუჯეტი ამ ხარჯზე წავა. ამდენ სოციალურ ტვირთს ბიუჯეტი უბრალოდ ვერ ასწევს. სუბსიდირება მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს შეეხება და ეს დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ჯდება, ეს ბიუჯეტისთვის სერიოზული ტვირთია. ამ ფონზე ხელისუფლება საკუთარ შემოსავლებს არ იმცირებს და ვხედავთ, რომ გაუგებარი თანამდებობების, გაუგებარი ფუნქციების მქონე ადამიანები წარმოუდგენლად მაღალ ხელფასებს იღებენ“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
რაც შეეხება მოსახლეობის პროტესტს, ნაჭყებიას განცხადებით, თუ მოსახლეობა ქუჩაში გამოვა, ამას სათავეში პოლიტიკური ოპოზიცია ჩაუდგება და აიძულებს ხელისუფლებას, ადეკვატური ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები