თამარ სანიკიძე: სახელმძღვანელოების არავითარი დეფიციტი არ შეიქმნება, რეზერვი საკმარისზე მეტი გვაქვს
რა სიახლეებით ხვდება განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს? ემუქრება თუ არა საფრთხე უფასო სახელმძღვანელოების პროექტს? გადასცემენ თუ არა პირველკლასელებს „ბუკებს“? რა სქემით და რამდენით გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასი? რა ბედით ელით სკოლისმიღმა დარჩენილ 5 წლის ბავშვებს? რას გულისხმობს სასკოლო მზაობის პროგრამა? იქნება თუ არა სკოლებში ექიმის კაბინეტები? რამდენი სკოლის რეაბილიტაცია მოესწრება სექტემბრამდე და რამდენი ახალი სკოლა აშენდება? – კითხვებზე, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ შეიძლება გაგიჩნდეთ, საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, თავად გიპასუხებთ:
– ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტროში მრავალმხრივი მზადებაა როგორც პროგრამების, ისე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გარკვეული სიახლეები გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, პედაგოგთა პროფესიაში შესვლისა და კარიერული განვითარების ახალი სქემა. მასზე ძალიან დიდხანს, ბევრი ვიმუშავეთ და უკვე დანერგვის ეტაპზე ვართ. დარწმუნებული ვარ, ეს სისტემა ძირფესვიანად შეცვლის სასკოლო ცხოვრებას.
– „სასკოლო ცხოვრების შეცვლაში“ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება თეორიულად ან პრაქტიკულად მოსთხოვო პედაგოგს, მას პროფესიაში შემოსვლამდე ექნება აპრობირებული. ეს შეფასება მხოლოდ იმისთვის კი არაა, რომ მერე მასწავლებელმა კარიერულად წინ წაიწიოს ან უკეთესი ხელფასი აიღოს. ეს არის ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის საშუალება, რაც საგაკვეთილო პროცესის დახვეწის საშუალებაა. საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არც ერთ ქვეყანას, საწყის ეტაპზე, ასეთი დონის სქემა არ ჰქონია. ახლახან სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტი გვესტუმრა, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. რაღაც რეკომენდაციები მოგვცა, რომლებიც უკვე ავსახეთ სქემაში. მან პირდაპირ გვითხრა, რეფორმა, თავის დროზე, ჩვენც კი არ დაგვიწყია ასეთი ნაბიჯითო. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ამ სისტემის დანერგვა კარგ შედეგს მოიტანს.
– ამ სისტემის დანერგვა მასწავლებლებს მეტ შემოსავალსაც მოუტანს, რადგან ხელფასზე აისახება, არა?
– რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგთა ხელფასები 2013 წელს გავზარდეთ, მაინც არ არის იმის ადეკვატური, რასაც მასწავლებელი უნდა იღებდეს. არ შეიძლება პედაგოგს დაუსახო მიზნები, მოსთხოვო კარიერული განვითარება… ხელფასის გაზრდის გარეშე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ახალი სისტემის ამუშავების თანმდევი იყოს სახელფასო პოლიტიკის მოგვარება. მომდევნო სასწავლო წელს, საბაზო ხელფასი, 35%-ით გაიზრდება ორჯერ – სექტემბერსა და აპრილში. ეს თავისთავად გამოიწვევს საშუალო ხელფასის მატებასაც, რადგან კოეფიციენტების ათვლა, სწორედ საბაზო ანაზღაურებიდან იწყება. გარდა ამისა, კარიერული საფეხურების შესაბამისად, გაიცემა დანამატებიც. მალე, მაგალითად მეორე საფეხურზე მყოფ, ანუ სერტიფიცირებულ პედაგოგს, საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის ოდენობის ანაზღაურება ექნება. ზოგადად, ამ სქემის ამუშავება, მასშტაბური სისტემური ცვლილებაა, რომელიც სასკოლო ცხოვრების ძირფესვიან შეცვლაზეა ორიენტირებული. ანუ, მასწავლებელს ექნება მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, აქტივობები, რომლებიც მიბმულია კრედიტთან, პროფესიულ განვითარებასთან და შესაბამისად – ხელფასთან. ეს არის კარგი სქემა. მერწმუნეთ, სახელმწიფო მასწავლებელს ზედმეტს არაფერს სთხოვს. მუდმივად საუბრობენ საგნობრივ კომპეტენციასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი, რომელიც ტესტის სახით დავტოვეთ მასწავლებლებისთვის, ვისაც არ ჰქონდა საგნობრივი კომპეტენციები დადასტურებული. თუმცა, სქემა იმასაც დაარეგულირებს, როგორი კადრი უნდა შემოვიყვანოთ სისტემაში – იცვლება საუნივერსიტეტო პროგრამები. კანონში ცვლილება უკვე მომზადებულია. გადავალთ მასწავლებლის მომზადების 5-წლიან, 300-კრედიტიან პროგრამაზე, სადაც პრაქტიკა და პრაქტიკის კვლევაცაა ჩაშენებული. უმნიშვნელოვანესია, რომ პროფესიაში სწორედ მომზადებული კადრი შემოვა.
– ნებისმიერ რეფორმას დრო სჭირდება. ამ სისტემური ცვლილებების შედეგს საზოგადოება როდის დაინახავს?
– პირველი სამი წელი იქნება კრიტიკული. პირველ წელს სქემას დავაკვირდებით. 3 წელში კი გამოჩნდება იმ მასწავლებელთა კონტინგენტი, ვინც დაძლევს ელემენტარულ მოთხოვნებს. ამის შემდეგ, შედეგი თვალსაჩინო იქნება.
– მასწავლებლები მზად არიან ამ სიახლეებისთვის და აქვთ ამომწურავი ინფორმაცია სქემის შესახებ?
– სქემის კონცეფციის შედგენა- შემუშავების დროს პედაგოგებთან შეხვედრები რამდენიმე რაუნდად ჩავატარეთ. შერჩევის პრინციპით, საქართველოს მასშტაბით, 12 ათასი პედაგოგი იყო პროცესში ჩართული. მათგან მიღებული ადეკვატური რეკომენდაციები აისახა კიდეც დოკუმენტში. გავმართეთ რეგიონული შეხვედრებიც, სადაც ძირითადად, სქემის პრეზენტაცია ეწყობოდა. სამინისტროს ვებგვერდზე, მუდმივად იყო შესაბამისი ფანჯარა გახსნილი, სადაც ყველა ინფორმაცია, ოპერატიულად იტვირთებოდა. შეხვედრები ხდებოდა უნივერსიტეტებში. პროცესში პროფესორ- მასწავლებლების ჩართვა კი მნიშვნელოვანი იყო, რადგან სქემაში საუნივერსიტეტო პროგრამებს დიდი როლი ენიჭება. სპეციალურად შექმნილი ჯგუფები კი დღემდე უკვე სკოლების დონეზე მუშაობენ ამ სიახლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. გაყოფილია პასუხისმგებლობები ჩვენს სხვადასხვა სტრუქტურას შორის. მასწავლებელთა სახლს თავისი პროგრამა აქვს, „ემისი“ კი სკოლებს ახალი ელექტრონული პორტალის ფარგლებში პედაგოგების რეგისტრაციაში, დოკუმენტების ატვირთვაში ეხმარება.
– კიდევ ერთი სიახლე წელს წინასასკოლო მზაობის პროგრამა იქნება. დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ 5 წლის ბავშვები სკოლაში არ შევლენ. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროგრამა?
– 5 წლის ბავშვი სკოლაში ცოდოა. სკოლაში უნდა მივიდეს 6 წლისა, რომელსაც გავლილი ექნება წინა სასკოლო მზაობის პროგრამა. პირველკლასელთა უმეტესობა არ არის ხოლმე კარგად მომზადებული სასკოლოდ. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კი არა, მსოფლიოს პრობლემა იყო, რომელიც მსოფლიომ იმით გადაჭრა, რომ გააძლიერა სასკოლო მზაობის, ანუ სკოლამდელი განათლების კომპონენტი. სკოლამდელი განათლება ჩვენთან შესაცვლელია. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, „იუნისეფისა“ და ჩვენს მიერ მომზადდა კანონპროექტი, რომლის საპარლამენტო განხილვებიც სექტემბრიდან დაიწყება. კანონპროექტი გულისხმობს, რომ სასკოლო განათლება პროგრამულად, სტანდარტულად, თავისი მონიტორინგით, განმახორციელებლებით, უნდა დაზუსტდეს, გაიმიჯნოს და რაღაც რეგულაციაში მოიქცეს. ჩვენ ჩართული ვიქნებით სტანდარტის მეთოდოლოგიისა და სწავლების მომზადების კუთხით. მის მართვასა და მენეჯმენტს კი თვითმმართველობები განახორციელებენ. ეს კანონი ბევრ საკითხს გადაწყვეტს, მაგრამ მისი აღსრულებისთვის დიდი სამზადისია საჭირო. ბევრი რამ, პირველ რიგში კი, ინფრასტრუქტურა იქნება მოსაწესრიგებელი.
სასკოლო მზაობის პროგრამას 1 წელი ვაკვირდებოდით ჩვენ მიერ შერჩეულ საპილოტე სკოლამდელ დაწესებულებაში. სტანდარტი დამტკიცებულია, პროგრამა მომზადებულია, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა. და რადგან ინფრასტრუქტურა ყველაზე დიდი პრობლემაა, შევთავაზეთ მერიას, პროგრამა დაიწყოს საჯარო სკოლებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან წელს აუცილებლად უნდა შევძლოთ ამ პროგრამის ამუშავება და მასში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ბავშვები, რომლებიც წელს სკოლაში ვერ წავიდნენ. მომავალი წლიდან კი, სასკოლო მზაობის და ზოგადად, სკოლამდელი განათლების პროგრამა, კანონით უნდა გახდეს სავალდებულო. მეთოდოლოგია შერჩეულია ასეთი გარდამავალი ეტაპისთვის ბავშვებმა ნელ-ნელა უნდა დაიწყონ ტრანსფორმაცია სასკოლო სივრცისკენ და ამავდროულად, „დარჩნენ თამაშში“. პროგრამა 3-საათიანია და მოიცავს საგაკვეთილო და სათამაშო ნაწილებს. ძირითადი მიდგომაა, თამაშით სწავლა. ოღონდ, ბავშვებს წერა-კითხვას კი არ ვასწავლით, იმ უნარებს გამოვუმუშავებთ, რომლებიც შემდეგ, სკოლაში, წერა- კითხვის ადვილად ათვისებაში დაეხმარება. ეს სკოლის მასწავლებლისთვისაც დიდი შვება იქნება. მას მიეცემა საშუალება, მთელი დრო პროგრამას და სწავლას დაუთმოს და არა უნარების გამომუშავებას, ან დისციპლინარულ საკითხებში ჩარევას.
– წელს რამდენ სკოლაში დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება?
– 50 სკოლაში და ასევე, ყველა საჯარო ბაღში, სადაც ამ ასაკის ბავშვების ჯგუფები იქნება. ეს პროგრამები მერიისთვის უკვე გადაცემული გვაქვს. ველოდებით იმ პედაგოგების დაზუსტებულ სიებს, რომლებსაც პირველადი 10-დღიანი ტრენინგი უნდა ჩავუტაროთ.
– ძალიან მცირე დრო ხომ არ არის, ათდღიანი ტრენინგი საკმარისია?
– 10-დღიანი ტრენინგი საკმარისია პირველი ეტაპისთვის. ინტერვენციები გვექნება პროგრამის განხორციელების პერიოდშიც.
– ინკლუზიური სწავლება წელსაც პრიორიტეტული იქნება და რა სიახლეებია ამ მხრივ?
– პრიორიტეტული რა თქმა უნდა, იქნება. მნიშვნელოვანია, რომ თუ დავიწყეთ ორი სკოლით, სადაც ორი ინტეგრირებული კლასი იყო, დღეს უკვე ათობით ასეთი კლასი გვაქვს და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ყველა სკოლაში, სადაც ასეთი მიდგომა ინერგება, არიან შესაბამისი პედაგოგები, მეთოდისტები, ინფრაქსტურუქტურა… სიახლეები გვექნება უშუალოდ რესურსების განვითარების კუთხით – 2014 წელს, ჩვენ დავიწყეთ ჟესტური ენის სტანდარტისა და სახელმძღვანელოების განვითარება. ამ რესურსების ნაწილი მომზადებულია. ვმუშაობთ, ყველა დონის სახელმძღვანელო გვქონდეს. უკვე სისტემაშია ჩაშვებული ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოებიც არაჩვეულებრივად მუშაობს. სირცხვილი იმ ქვეყანას, სადაც აქამდე ბავშვებს ასეთი სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ და მეცადინეობა მხოლოდ სხვების დახმარებით შეეძლოთ. მათ არ ჰქონდათ საშუალება, თავად წაეკითხათ, საკუთარ თავზე ემუშავათ, რაც უმნიშვნელოვანესია. დღეს ეს პრობლემა მოეხსნათ.
– სამაგიეროდ, ამბობენ, რომ ზოგადად სახელმძღვანელოების მხრივ შეიქმნება პრობლემა, ბაზარზე წიგნების დეფიციტი გაჩნდება და შესაძლოა, უფასო სახელმძღვანელოების პროექტი საერთოდ ჩავარდეს. ამის საშიშროება თუ არსებობს და დაიბეჭდება თუ არა წიგნები მოსწავლეებისთვის?
– ამ პროექტს ისეთი შედეგი ჰქონდა, რომ მის არა თუ ჩავარდნაზე, უმნიშვნელო შეფერხებაზეც არ შეიძლება ვისაუბროთ. ორი წელია ბავშვებს აქვთ შესაბამისი რესურსები, ჰქონდეთ სახელმძღვანელოები იქ სადაც საჭიროება მოითხოვს, იარონ ტრანსპორტით. ორი წლის წინ, მოსწავლეების 40%-ს არ ჰქონდა სახელმძღვანელო. სკოლამდე მისასვლელად ათასობით ბავშვს კილომეტრების გავლა ფეხით უწევდა. არცერთი ეს პროგრამა, არავითარ შემთხვევაში, არ გაჩერდება. დავუკვირდეთ, ვინ ქმნის აჟიოტაჟს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით: რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელიც მუდმივად, პროექტის დაწყებიდან დღემდე, სხვადასხვა მიზეზით, ცდილობს არაჯანსაღი წარმოდგენა შექმნას და არანორმალური კითხვები დასვას. არავითარი პრობლემა და რისკი უფასო სახელმძღვანელოების პროექტს არ ემუქრება! საოცარია, დღეს ამბობენ, ცოტა წიგნს ბეჭდავენ, დეფიციტი შეიქმნებაო. შარშან ამბობდნენ, ბევრი დაბეჭდეს, სახელმწიფო თანხები გაანიავესო. არანორმალურია ეს მიდგომა!
როცა ვსაუბრობთ დასაბეჭდ სახელმძღვანელოებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის სახელმძღვანელოები, რომლებსაც პირდაპირ ვყიდულობთ გამომცემლებისგან. ამის გარდა, ქსელში გვაქვს ახალი სახელმძღვანელოების ნაშთიც, რომელიც მობილობის პროცესისთვის შევიძინეთ (10%-იანი სხვაობა) და ასევე, არის წინა წლების, თითქმის ახალი წიგნები. ჯამში, ეს არის საჭირო სახელმძღვანელოების დაახლოებით 40%. სახელმძღვანელოების არავითარი დეფიციტი არ შეიქმნება. რეზერვი საკმარისზე მეტი გვაქვს. ცოტა შელახული სახელმძღვანელოების რეზერვიც საკმარისია ბიბლიოთეკებში და თუ უცებ, ერთი სკოლიდან მეორეში მოსწავლე გადავა, რამდენიმე დღე ამ წიგნებს გამოიყენებენ. სხვათაშორის, არის კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც მეფიქრება – რეზერვში აღმოვაჩინეთ სახელმძღვანელოები, რომლებსაც აქვთ შელახული ყდები, შიგთავსი კი აბსოლუტურად ახალივითაა. ვფიქრობთ, მათ ახალი ყდები გავუკეთოთ. არავითარი ზედმეტი რესურსის შესყიდვას არ ვაპირებთ. თუმცა თუ დაგვჭირდა, არც დაბეჭდვა ან ყიდვაა პრობლემაა.
– პრობლემა არც მაშინ იქნება, გამომცემლობებმა სახელმძღვანელოები რომ გააძვირონ?
– გამომცემლობებს ფასის ლავირების საშუალება ყოველთვის ჰქონდათ. საინტერესოა, როცა საუბრობენ, რომ მათ ადრე შეზღუდვა ჰქონდათ, 10 ლარზე მეტად არ უნდა გაეყიდათ წიგნებიო, რით რეგულირდებოდა ეს? არ არსებობს შესაბამისი საბუთი. ან რის მიხედვით დაითვალეს ეს 10 ლარი? თუ ეს წიგნის რეპროდუქციის ფასია, მაშინ ის 2-3 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან ჩვენ შარშან ამ ფასად დავაბეჭდინეთ და წელს უფრო იაფი გვიჯდება. ამ ფონზე, ცხადია, რომ ეს იყო სამინისტროს მხრიდან დაშინების პოლიტიკა. გარკვეულ შემთხვევებში, ისეც მოხდა, რომ გაყვეს სახელმძღვანელოები ორ-ორ ნაწილად და თითო ნაწილი ღირდა 10 ლარი.
როცა ლაპარაკობენ, გამომცემლობებმა შეიძლება სახელმძღვანელოები გააძვიროსო, რატომ არ გვეკითხებიან შარშან რა ფასად ვიყიდეთ წიგნები? ბილინგვურ და უცხო ენების სახელმძღვანელოებში, რომლებიც გრიფირებული არ არის, 14, 18, 22 25 ლარი გადავიხადეთ. მითხრან, რომელია მათგან ათლარიანი? გამომცემელს ფასის მატების ნება ჰქონდა და აქვს კიდეც. მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, გააძვირებს თუ არა პროდუქციას, მაგრამ კიდევ რამდენით უნდა გააძვირონ, უსაშველო ფასს ხომ ვერ დაადებენ? თანაც, რამდენიმე გამომცემელმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებენ ფასის მატებას. ასე რომ, არავითარი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის წელს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და ტყუილად ცდილობენ პანიკის დათესვას.
– იგივე შეგიძლიათ მითხრათ „ნეტბუკებზე“? ყველა პირველკლასელი მიიღებს წელს კომპიუტერს?
– „ნეტბუკები“ შეკვეთილია და უკვე დაიწყება მოწოდება. წელს, ტენდერის ფარგლებში, ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანიასთან „ესაბი“, რომელმაც „ბუკები“ ძალიან კარგ ფასად მოგვყიდა _ თითო 326 ლარად, მაშინ როდესაც, შარშან, თითოში 388 ლარი გადავიხადეთ. თანაც, რიგი დეტალები გაუმჯობესებულია. ძირითადი პარამეტრები კი _ დაცული, რადგან ამ პარამეტრებმა შარშან ძალიან გაამართლა. ასე რომ, ყველა პირველკლასელი მიიღებს კომპიუტერს.
– არაერთხელ ახსენეთ ინფრასტრუქტურა. რამდენი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და რამდენი ახალი სკოლით ხვდებით სასწავლო წელს?
– ინფრასტრუქტურა ჩემი ტკივილია. რა უნდა მოსთხოვო მასწავლებელს ან მოსწავლეს, თუ არ არის ადგილი, სადაც ასწავლის და ისწავლის? ყველაზე ცუდი მდგომარეობა, სწორედ ინფრასტრუქტურის მხრივ დაგვხვდა. ეს პრობლემა რომ არ გვქონოდა, ბევრად წინ ვიქნებოდით არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მიმართვის, არამედ დროის კუთხითაც. წელს 500 მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მაქსიმუმ მომავალ წელს, თუმცა ცდილობენ, წელსაც ყველა სკოლაში ძირითადი ფუნდამენტური სამუშაოები (კარ-ფანჯარა, სახურავი, სველი წერტილები, გათბობა) იყოს დასრულებული, რომ ამის შემდეგ შიდასამუშაოები სწრაფად გაკეთდეს. რა თქმა უნდა, არის სკოლები, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ვაშენებთ ახალ სკოლებს. ახალ სასწავლო წელს, დაახლოებით 10 ახალი სკოლით შევხვდებით. ახალი სკოლები იქნება შემდეგ სოფლებში: ხოვლე (კასპის მუნიციპალიტეტი), სამღერეთი (თეთრიწყარო), წილკანი (მცხეთა), მუხრანი (მცხეთა), ბუღაშენი (ახალქალაქის), სვირი (ზესტაფონის), აბანო (ქარელი), წიფნარი (ჩოხატაური). ასევე, სექტემბრისთვის ახალი სკოლის დასრულება მოესწრება ზედა ვანში და ვფიქრობ, ლამბალოშიც. კარგი კი ის არის, რომ უკვე 223 ექიმის კაბინეტი გვაქვს მაშინ, როცა შარშან სულ 100 სკოლაში გვქონდა. დაახლოებით 75 საჯარო სკოლაში, ექიმის კაბინეტის მოწყობა, მიმდინარეობს. მალე, პრეზენტაციას მოვაწყობთ და საზოგადოებას, იმ სკოლების შესახებაც მივაწვდით ინფორმაციას, რომელთა რეაბილიტაცია მომავალში იგეგმება.
წყარო: გაზეთი “ვერსია“