გოგელია „მაესტროს“ შესაძლოა პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს
“გოგელია ტელეკომპანიას პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს?” – ამის შესახებ ვებ-გვერდი “postalioni.com”-ი წერს და ამის დასტურად, ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ გაშუქებული ერთ-ერთი სიუჟეტი მოჰყავს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც გოგელია „მაესტროს“ მფლობელი გახდა, როგორც ივანიშვილთან, ისე სხვა პოლიტიკურ ძალებთან ჰქონდა მცდელობები, ეს ტელეკომპანია პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოეყენებინა.
“ცოტა ხნის წინ გავრცელდა საქველმოქმედო ფონდი „ქართუს” განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა მედიასაშუალებამ, „რუსთავი 2“-მა და „მაესტრომ“ კომპანია „უტას“ საქმიანობაზე დამახინჯებული ინფორმაცია გაავრცელა. ტელეკომპანიებმა გააშუქეს ნაციონალების მიერ ჩატარებული აქცია, სადაც აქციის მონაწილეები საუბრობდნენ იმაზე, თითქოს კომპანია „უტა“ რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე-ტყის ჭრით არის დაკავებული. ნაციონალური მოძრაობის წევრები კომპანია „უტას” საქმიანობას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის საკუთრებააო.
„სამშენებლო კომპანია „უტა” საერთოდ არ ეწევა კომერციულ საქმიანობას და იგი მხოლოდ ფონდი „ქართუს” საქველმოქმედო პროექტებს ანხორციელებს. წელს მიმდინარეობს სამუშაოები ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა თბილისის ოპერის თეატრი, ბათუმის თეატრი, რაგბის სტადიონი, ურეკის საკონცერტო დარბაზი და ა.შ. ბუნებრივია, ყველა აღნიშნული მშენებლობა საჭიროებს ხის მასალას. ამ მიზნისთვის კომპანიას ყველა პროცედურის დაცვით აქვს მოპოვებული ხე-ტყის სანიტარული ჭრის ლიცენზია, რომელიც გულისხმობს დაბერებული ან დაავადებული ხეების გამოხშირვას, რაც ტყის განახლება-გაჯანსაღების აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს”, – ნათქვამია „ქართუს” განცხადებაში.
პოლიტინტრიგებში გაცნობიერებულ ადამიანებს „რუსთავი 2“-ის მიერ ნაციონალების აქციის გაშუქება და იქ წამოწეული, საეჭვო თემების ტირაჟირება უცნაურად არ მოსჩვენებიათ, მაგრამ „მაესტროს” ქმედებამ ნამდვილად ყველა გააკვირვა. მით უფრო, რომ აქციაზე მყოფები ამბობდნენ, იქ მხოლოდ „რუსთავი 2“-ის კამერა მუშაობდა და მიკროფონი „მაესტროს“ ლოგოთი თვალით არ დაგვინახავსო. თუ ეს მართლა ასე იყო, ბუნებრივად ჩნდება ის ეჭვი და კითხვა, რომლიც ამ პიროვნებებსაც გაუჩნდათ – ამ ორმა ტელეკომპანიამ ერთმანეთთან შეხმატკბილებული ურთიერთობები ხომ არ გააბაო?
„არავისთვის საიდუმლო არ არის, გარკვეული პერიოდის წინ, „მაესტროს“ მფლობელი, კონსტანტინე გოგელია ცდილობდა, საქართველოს რკინიგზა ჩაეგდო ხელში. შემდგომ, რაც „მაესტროს“ მფლობელი გახდა, როგორც ივანიშვილთან, ისე სხვა პოლიტიკურ ძალებთან ჰქონდა მცდელობები, ეს ტელეკომპანია პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოეყენებინა. თუ ზემოთაღნიშნულ ფაქტს ლოგიკურ ანალიზს გავუკეთებთ, გამორიცხული არ არის, რომ მან საერთო ენა ნაციონალურ მოძრაობასთან, კონკრეტულად რუსთავი 2-თან გამონახა, რაც პრინციპში ერთი და იგივეაო“ _ აცხადებენ ასეთ საკითხებში ჩვენზე ჩახედულები”, – წერს “postalioni.com”.