თელავში ძლიერმა ქარიშხალმა 5 სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა
თელავში ძლიერმა ქარიშხალმა 5 სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
კორპუსის მე-5 სართულზე მაცხოვრებელებს წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი ფართის კედლებიც დაუზიანა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე იმყოფება კახეთის გუბერნატორი და ქალაქის მერი.
როგორც გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, დღესვე მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გამოყოფა და ხვალ დილიდან კორპუსის გადახურვის სამუშაოები დაიწყება. მისივე თქმით, ამ დროისთვის კორპუსს დროებითი საფარით გადახურავენ.
თელავში ძლიერ ქართან ერთად სეტყვაც მოვიდა. სტიქიამ სოფელ ვარდისუბანში ვენახები დააზიანა, თუმცა, სეტყვას მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლია.