„თუ შენი ხასიათი, ხაზი გექნება, მომხმარებელი ყოველთვის გეყოლება…“

ნინო არაბული მხატვრების ოჯახში გაიზარდა. თავადაც ბავშვობიდან ხატავს. თბილისის სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის მიმართულებით დაამთავრა, თუმცა მშობლების გზა არ გააგრძელა. „ხშირად ვხატავდი, განსაკუთრებით ქალების ხატვა მიყვარდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მშობლები მასწავლიდნენ, მუდმივად მქონდა პროტესტი სტერეოტიპის მიმართ – რადგან მშობელი მხატვარია, შვილიც მხატვარი უნდა იყოს“.11713469_879654722083581_998795861_n

ჯერ კიდევ, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე, 19 წლისამ ფეხსაცმლის საწარმოში დიზაინრეად დაიწყო მუშაობა, სადაც სამი წელი იმუშავა. „სამხატვრო აკადემიაში გვიან ჩავაბარე. გამოცდების შიში მქონდა. სამჯერ შევიტანე საბუთები და არ გავედი გამოცდაზე. ბოლოს, უბრალოდ, ვცადე, გავედი და ჩავაბარე.
ფეხსაცმლის საწარმოში დეიდაშვილის დახმარებით აღმოვჩნდი. სანამ, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი, სახლში ვიყავი, არაფერს არ ვაკეთებდი და დეპრესია დამემართა. ერთ-ერთ ჟურნალში სტატია წავიკითხე, არ მახსოვს ვინ, მაგრამ გოგონა წერდა, როგორ დაიწყო კარიერა. მაშინ გადავწყვიტე, მეც მეცადა. დეიდაშვილს გავუზიარე ჩანაფიქრი. აღმოჩნდა, რომ საწარმოში ნაცნობი ჰყავდა, კომპანიას კი დიზაინერი სჭირდებოდა. ჩემი ესკიზები მოეწონათ. კომპანიაში მუშაობამ დიდი გამოცდილება მომიტანა“.
2015 წლის იანვარში ყიფშიძის ქუჩაზე საკუთარი სახელოსნო გახსნა.
„მანამდე მაღაზია მქონდა, ვაკერინებდი ფეხსაცმელს და მაღაზიაში მიმქონდა. მქონდა სახელოსნოც, მაგრამ გარკვეული პრობლემების შემდეგ მალე დავხურე. ახლა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, საკუთარი სახელოსნო მქონოდა. ყველაფერს მე ვაკეთებ და ეს მსიამოვნებს. სულ სხვაა, ხელით რომ ეხები და შენ თვითონ ქმნი. ახლო ურთიერთობა მაქვს მომხმარებელთანაც“.11713485_879654738750246_616840891_n
ეს სფერო მისთვის ჯერ ახალია. ნელ-ნელა, ეტაპობრივად წინ მიდის.
„გავრისკე, მაგრამ, მგონი, კარგად გამომდის. ისე, როგორც სხვა სფეროები, აქაც მუდმივად სწავლის პროცესია. ნელ-ნელა ვითარდები. მინდა, ჩემი ნაბიჯი სხვებისთვისაც სტიმული იყოს, ისე, როგორც მე გადამაწყვეტინა ერთმა სტატიამ რაღაცის გაკეთება“.
მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მოსწონს მის მომხმარებელს და, რაც მთავარია, ფასი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
„ვცდილობ, მაქსიმალურად დავწიო ფასი, რადგან ჩემი პროდუქცია ინდივიდუალურ კლიენტზე არ მაქვს გათვლილი. მინდა, რომ მომხმარებელი მყავდეს და სახელოსნომ იმუშაოს. მაქსიმალურად ვცდილობ, პროდუქცია ხარისხიანი იყოს და დაბალი ფასიც ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ხელფასების შესაბამისი ცხოვრება არ არის. ამიტომ ვცდილობ, ცოტა დამრჩეს და მომხმარებელი კმაყოფილი იყოს“.
ნინო არაბულის ფეხსაცმელი ყველა ასაკის ადამიანისთვის არის. დიზაინერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, რომ მისი პროდუქტი ჩაცმადი იყოს, მაგრამ ჰქონდეს საკუთარი ხაზი და მაინცდამაინც სხვებს არ დაემსგავსოს.11713523_879654735416913_647436825_n
„ამ შემთხვევაში შუალედს ვპოულობ. ვცდილობ, იყოს სადა, სხვა დიზაინერების ფეხსაცმელებისგან განსხვავებული, მაგრამ არა ისეთი, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს მოეწონოს. თუმცა გარკვეული ტენდენციებიდანაც არ უნდა ამოვარდე. მინდა, ქართულ გემოვნებას მოვარგო, რადგან ძალიან გემოვნებიანი ხალხი ვართ, ცოტა ფინანსური საშუალებაც რომ გვქონდეს, კარგი იქნება.
დიზაინერი აქტიურად ეცნობა მსოფლიოს მოდის ტენდენციებს, მაგრამ არა – ყოველდღიურად. „არ მინდა ვინმეს ზეგავლენის ქვეშ მოვექცე. დიზაინერს საკუთარი ხაზი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ასევე აუცილებელია დიზაინერი ფორმას, ხასიათს და ფერს გრძნობდეს. მე, ძირითადად, ამ სამი კომპონენტით ვხელმძღვანელობ. ძალიან მიხარია, მსიამოვნებს, როცა ვხედავ, ადამიანებს ჩემი ფეხსაცმელი აცვიათ და თავდაჯერებულები არიან. სწორედ ამიტომ მივეცი თავს უფლება, სახელოსნო გამეხსნა“.11715911_879654732083580_1136600675_n
დიზაინერი თვლის, რომ მისი პროდუქტის მთავარი შემფასებელი მომხმარებელია. ითვალისწინებს მათ აზრს, რა უნდათ და რას ითხოვს მომხმარებელი, მაგრამ არც საკუთარ ფანტაზიას ღალატობს. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მასალას საქართველოში ყიდულობს, ყველა ფეხსაცმელი ნატურალური ტყავისგან იკერება.
„საქართველოში, ძირითადად, თურქეთიდან შემოდის მასალა. მართალია, დიდი არჩევანი არ არის, მაგრამ დღეს ჩემი ფინანსური მდგომარეობის გამო, იძულებული ვარ, შეძლებისდაგვარად, ხარისხიანი მასალა აქ ვიყიდო. 10 წელია ამ სფეროში ვარ და, რა თქმა უნდა, მასალის შერჩევა არ გამიჭირდება. თუმცა მომავალში აუცილებლად უცხოეთიდან შემოვიტან“.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი სახელოსნო გაიხსნა, ნინო არაბული თვლის, რომ კონკურენცია მაინც არ არსებობს. „ბევრმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ გახსნა სახელოსნო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკურენცია გაიზარდა. არადა, ნამდვილად საჭირო და აუცილებელია. მე ყველას ვურჩევდი, ვისაც ამ მიმართულებით უნდა მუშაობა, გარისკონ და გააკეთონ. ძალიან ცოტა დიზაინერი მუშაობს მასობრივი მომხმარებლისთვის. ხალხი იძულებულია ჩინური და დაბალი ხარისხის ფეხსაცმელი შეიძინოს, ამიტომ ჩვენი წარმოებისთვის საქართველოში ყველაზე ცუდი სეზონი გაზაფხული და ზაფხულია“.

მზევინარ ხუციშვილი

11717022_879654718750248_1728354827_n

11720727_879654728750247_1803204473_n

11721087_879654725416914_1048950230_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები