ვინ იქნება „მთავარი ბანკირი“ – ვინ შეცვლის ქადაგიძეს?!

ექსპერტი დემურ გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, წინამორბედის მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით შეირჩეს.
ამის შესახებ გიორხელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
გიორხელიძის ვარაუდით, თუ გიორგი მარგველაშვილის თითოეული სიტყვა და მოქმედება მკაცრად არგუმენტირებული არ იქნება, პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, პროცესები ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართოს და ხელისუფლების შტოებს საერთო კანდიდატურის შერჩევა გაუჭირდეთ.
„ საზოგადოებაში პესიმიზმი გაღვივდება და ტრადიციად ქცეული ქართული უპასუხისმგებლობის მაგალითს სახელისუფლებო დონეზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ. დროა, გავიაზროთ, რომ ხელისუფლებაში კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები გვჭირდება, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას ადეკვატურად იგრძნობენ. ვიწრო ინტერესების, დაჯგუფებებისა და პარტიულობით მოქმედებამ საკმარისზე მეტად დაგვაზარალა. წელს ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში დაგეგმილი მილიარდ-ნახევრის ნაცვლად, მხოლოდ 500 მილიონი შევა. ამ ფონზე დაპირისპირება ეკონომიკას ჩამოაქცევს! ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ინსტიტუციებს შორის კინკლაობა კი არა, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება“,- განაცხადა გიორხელიძემ და დასძინა, რომ, საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატის შერჩევა არ უნდა გაჭირდეს. მისივე თქმით, მთავარია, რამდენად ეყოფათ გადაწყვეტილების მიმღებთ ძალა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ გუნდურობის პრინციპით არ იმოქმედონ და პროფესიონალი რეალურად შეარჩიონ.
„თუ ეს ვერ მოხერხდა, საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებაც შეიძლება, რათა ეროვნულ ბანკს მაღალკვალიფიციური უცხოელი ფიგურა ჩაუდგეს სათავეში. ომის შემდგომ პერიოდში იაპონელები სწორედ ასე მოიქცნენ – მინისტრებად ამერიკელები დანიშნეს, მოადგილეებად – იაპონელები და სახელმწიფოს მართვაც მათგან ისწავლეს“,- განაცხადა ექსპერტმა.
იგი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ და განაცხადა, რომ მას კვალიფიკაცია ნამდვილად არ აკლია და, შესაძლოა, არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები