პრემიერი: რატომ უნდა იარონ დეპუტატებმა ქუთაისში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა ხარჯს რატომ უნდა ვწევდეთ?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის პარლამენტის თბილისში გადმოტანის მომხრეა. ღარიბაშვილი ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურისთვის გაუგებარია, რისთვის იყო საჭირო პარლამენტის ქუთაისში გადატანა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში უნდა დაბრუნდეს.
„აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა იარონ დეპუტატებმა ქუთაისში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა ხარჯს რატომ უნდა ვწევდეთ?! გარდა ამისა, მთავრობასა და პარლამენტს შორის კომუნიკაცია გართულებულია. რაც შეეხება ქუთაისის განვითარებას, უნდა ვიფიქროთ, რომ იქ შევქმნათ კარგი საგანმანათლებლო ცენტრი და ქუთაისს თავისი ისტორიული როლი და ფუნქცია დავუბრუნოთ. რას ეფუძნებოდა ეს იდეა, თუ არა ერთი ახირებული ადამიანის ხუშტურებს. ჩვენ მოვისმინეთ „ნაციონალების“ უსუსური არგუმენტი, რომ პარლამენტის გადატანა ქუთაისის განვითარებას შეუწყობდა ხელს, რაც ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი. ამ შენობის აშენებისას რომ ტრაგედია მოხდა და დედა-შვილი დაიღუპა, ეს წინა ხელისუფლების დაუდევრობის შედეგია. ამას აკეთებდნენ მაშინ, როცა ქუთაისელებს წყლის მიწოდების მწვავე პრობლემა ჰქონდათ. ორი წლის წინათ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ქუთაისის საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია, რაშიც 100 მილიონი ევრო იხარჯება“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები