პრემიერი: ჩემსა და ივანიშვილს შორის წყლის ამღვრევას შეეცდებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას მოისურვებს და ამის აუცილებლობას დაინახავს, ამას ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე გააკეთებს, ისე, რომ წინ ვერაფერი აღუდგება. ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„თავის დროზე, როდესაც იგი პოლიტიკიდან წავიდა, ვფიქრობდი, რომ არ უნდა წასულიყო, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა. ასე, რომ თუ დაბრუნებას გადაწყვეტს, დაბრუნდება კიდეც და ხელს არაფერი შეუშლის. როგორც თავიდან განაცხადა, თუკი საჭიროებას დაინახავს, დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს და ამას გააკეთებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, გამოცემასთან საუბრისას ღარიბაშვილი მასსა და ივანიშვილს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები საწადელს ვერ მიაღწევენ.
„შეეცდებიან ჩემსა და ივანიშვილს შორის წყლის ამღვრევას და ჭორების მიტან-მოტანას, მაგრამ ეს სპეკულაციები სპეკულაციებად დარჩება და ამით დაინტერესებული ადამინები საწადელს ვერ მიაღწევენ. რაც ხელისუფლებაში ვარ, მტერი გავიმრავლე, იმიტომ, რომ ჩემი პრინციპებიდან და ცხოვრების წესიდან გადახვევა არ მჩვევია. ჩემთვის კანონზე მაღლა არაფერი დგას – ეს არაერთხელ განმიცხადებია და საქმით არაერთხელ დამიმტკიცებია, რაც ყველაზე უკეთ ივანიშვილმა იცის. სამართლიანობა, კანონიერება და ადამიანურობა – ამ პრინციპებზე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და ამ პრინციპებზე ვზრდი ჩემს შვილებს. არც ერთმა თანამდებობამ და ძალაუფლებამ ადამიანური სახე არ უნდა დაგაკარგვინოს. სპეკულაციები და ტალახის სროლა, რასაც ამ თვეების განმავლობაში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად მიზანმიმართული, ბინძური კამპანია იყო, მაგრამ, როცა პოლიტიკაში ხარ, ასეთი რამ არ უნდა გამიკვირდეს და უნდა აიტანო კიდეც“, – განაცხადა პრემიერმა.