ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია რომ მქონდეს, ამაში უჩვეულო არაფერია
„როგორც მოქმედ პრემიერ – მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია რომ მქონდეს, ამაში უჩვეულო არაფერია“, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინეტრვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყნის რეალობაში ივანიშვილის როლი განუზომლად დიდია.
„წლების განმავლობაში ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, რათა ქვეყნისთვის სააკაშვილის რეჟიმი მოეშორებინა, ბიძინა ივანიშვილმა კი ეს შეძლო – მთელი ერისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოახდინა და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე, არჩევნების გზით შეცვალა „ნაციონალების“ ხელისუფლება. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში მოქმედი პრემიერები და პრეზიდენტები რჩევებსა და კონსულტაციებს იღებენ ყოფილი პრეზიდენტებისა და პრემიერებისგან, მათთან ერთად მსჯელობენ ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა“,- აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები ოპონენტების მხირდან გაუგებარი და მიუღებელია.