ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ დაიხარჯა 28 მილიონი
“პრეზიდენტმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ დაიხარჯა 28 მილიონი მისთვის ახალი რეზიდენციის მშენებლობაზე, თუკი ავლაბრის სასახლის დატოვებას არ აპირებდა”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. როგორც ღარიბაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნების რესურსი.
მისი თქმით, მისთვის მთავარი საზრუნავი არის ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს და არა ის, რომელ რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს პრეზიდენტი.
“კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი იგი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა? ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნების რესურსი. თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ. ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ! ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი მსგავსი შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენს მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძვნია”, – აცხადებს პრემიერი.