„არასდროს ვიცით, რა მოხდება, მაგრამ ვიცით, რა დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ…“

„იმ ღამეს მორიგე რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ შინაგანი დანაშაულის გრძნობა მექნებოდა“, – ამბობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსპექტირების ჯგუფის წევრი ვანო მეურმიშვილი.
13 ივნისს, თბილისში სტიქიის ღამეს ვანო მეურმიშვილი მორიგე იყო, როცა თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის მცველმა ლაშა იობაშვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ლაბორატორიის ეზოში წყლის დონე იწევდა.

„პირველის წუთები იქნებოდა, ლაშა იობაშვილმა რომ დამირეკა. მაშინვე ჩვენი დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გიორგი გორაშვილს შევატყობინე და ლაბორატორიის ტერიტორიაზე წავედი. დაახლოებით 7-8 წუთში უკვე იქ ვიყავი. ლაბორატორიის ეზო უკვე დატბორილი იყო და წყლის დონე კიდევ ზემოთ იწევდა. ლაბორატორია ფაქტობრივად იძირებოდა და რაიმეს გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. ისევ, გიორგი გორაშვილს დავურეკე და მდგომარეობა ავუხსენი. მომცა მითითება, რომ მცველები გამოსულიყვნენ და ადამიანები არ დაზარალებულიყვნენ“, – ამბობს ვანო მეურმიშვილი.

ლაბორატორიის ეზოდან გამოსულებმა მოსახლეობის გაღვიძება დაიწყეს, რადგან წყალი უკვე მათ სახლებში შედიოდა. ჩაბნელებულ ქუჩაზე განათებას მანქანის ფარებით ცდილობდნენ.

„წყლის დონე თანდათან იწევდა. ვინც ლაბორატორიასთან ახლოს ცხოვრობდა, მათი სახლები მთლიანად დატბორილი იყო, რადგან წყალი უკვე ვაკე-საბურთალოს გზაზე გადმოვიდა. ხალხი ნივთებისთვის შებრუნდა სახლებში და ამიტომ, გაუჭირდათ გამოსვლა. ცოტა დროულად რომ გამოსულიყვნენ, მოასწრებდნენ. მე და ლაშა იობაშვილი შევედით სახლებში, ქალები და ბავშვები გამოვიყვანეთ. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვცდილობით მოსახლეობის გამოყვანას და წყლის დონე რომ გაჩერდა, უკვე ყველა გამოყვანილი გვყავდა“.

ახალდაბაში ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ვანო მეურმიშვილი თვლის, რომ ეს იყო სტიქია, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებდა და წინ ვერ დაუდგებოდა, როგორი ორგანიზებაც არ უნდა ყოფილიყო. ლაშა იობაშვილს რომ არ დაერეკეა, თავად ვერაფერს ვერ გაიგებდა.

„ხანდახან, ვფიქრობ, შეიძლება უფრო მეტი ადამიანი გადამერჩინა, ცოტა აქტიური რომ ვყოფილიყავი. მაგრამ სახლები უკვე ინგრეოდა, იტბორებოდა და მექანიკურად, შინაგანი ინსტიქტით ვმოქმედებდით. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ნივთების გადარჩენაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდით, ხალხი გამოსულიყო. ხალხმა პანიკაში ჩავარდნაც ვერ მოასწრო, გაოცებულები იყვნენ. ემოციების გამოხატვა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე ადამიანის სიკვდილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია“.

პროფესიით იურისტი, ვანო მეურმიშვილი თსუ-ს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში 2011 წლიდან მუშაობს. თითქმის ყველა საფეხური გაიარა და ბოლო ორი წელია ინსპექტირების ჯგუფის წევრია.

„არასდროს მიფიქრია, რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი. გარდა ამისა, დიდი მოცურავე და ზღვის მოყვარული არ ვარ. საერთოდ, წყალთან კავშირი იშვიათად მაქვს, მაგრამ თითქოს გაყინული გონებით ვმოქმედებდი. თუმცა ჩვენ მუდმივად მობილიზებულები და დაძაბულები ვართ, დიდი სიფრთხილე გვმართებს, ყოველთვის და ყველაფრისთვის მზად ვართ. არასდროს ვიცით, რა მოხდება, მაგრამ ვიცით, რა დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რადგან სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ“.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები