უფლებადამცველები გიორგი ქადაგიძეს სამოხელეო დანაშაულში სდებენ ბრალს – დაიწყებს თუ არა პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურებს
უფლებადამცველი სოფო ხორგუანი და ადვოკატი დავით ერისთავი სახალხო ბანკის საქმეში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის ბრალეულობაზე საუბრობენ და მას სამოხელეო დანაშაულში სდებენ ბრალს,- ამის შესახებ ხორგუანმა და დაზარალებული აქციონერების ადვოკატმა ერისთავმა დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
აღნიშნული საქმის გამო მათ უკვე საქართველოს პარლამენტსაც მიმართეს და ქადაგიძის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება სთხოვეს. დღესვე უფლებადამცველები „სახალხო ბანკის“ აქციონერებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გიორგი ქადაგიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ და ქვეყნის პირველ ბანკირს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დასდეს ბრალი.
მათი განცხადებით, ქადაგიძემ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი უფლებების აღსადგენად იბრძვიან, ავანტიურისტები უწოდა.
„უკვე წელიწადნახევარია მიდის სამოქალაქო დავა, ეს მოქალაქეები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობენ. წელიწადნახევარია „ლიბერთი ბანკის“ აქციების 59% დაყადაღებულია და, მიუხედავად ამისა, ქადაგიძე აძლევს თავს უფლებას, მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ეს სასამართლოზე ზეწოლა და მოქალაქისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაა. მისი განცხადებები უპასუხისმგებლო და სახელმწიფო მოხელისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია. ჩვენ ერთხელ უკვე მივმართეთ პარლამენტს, რომ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურაშია, გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. საქმე სასამართლოშია, ახლა უკვე კონკრეტული პირებისთვის ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს“,- აღნიშნა სოფო ხორგუანმა. დაზარალებულების ადვოკატი დავით ერისთავი კი მიიჩნევს, რომ ქადაგიძე იცავდა და ხელს უწყობდა იმ ადამიანებს, რომელთაც „სახალხო ბანკის“ აქციების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდება ჰქონდათ განზრახული. ერისთავმა მაშინდელი საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ქადაგიძის მიერ საქმეში დარღვეულ პროცედურობებზე ისაუბრა, რომლითაც, მისი თქმით, სახეზე სამოხელეო დანაშაული გვევლინება.
„საქმე ეხება 2008 წელს დაწყებულ პროცესს, როდესაც დეკემბერში დილის სამიდან დილის 5 საათამდე ყოფილი „სახალხო ბანკის“ აქციონერებს, აქციების 89%-ის მმართველ პირებს აქციები იძულების წესით გადააფორმებინეს. ამაში ჩართულნი იყო მაშინდელი საფინანსო ზედამხედველობის სამსახური. მაშინდელი კანონმდებლობით ის იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც კომერციული ბანკების საქმიანობას აკონტროლებდა. ამ სამსახურის ხელმძღვანელი მაშინ გიორგი ქადაგიძე გახლდათ, რომელმაც ყველა ფუნდამენტური ნორმა და კანონი დაარღვია, რომელიც კომერციული ბანკების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას არეგულირებდა. ქადაგიძემ ტელეეთერში საუბრისას სცადა საზოგადოება სიცრუეში შეეყვანა. გიორგი ქადაგიძე იცავდა მაშინ იმ ადამიანებს, რომელთაც „სახალხო ბანკის“ აქციების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდება ჰქონდათ განზრახული. მან განაცხადა, რომ შეიყვანა მენეჯმენტი „სახალხო ბანკში“, მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი ქადაგიძემ ბანკის აქციონერებს იძულების წესით გენერალურ დირექტორად დაანიშნინა. ღლონტმა ერთ-ერთ ეპიზოდში აქციონერების 7 მილიონი ლარის მოპარვის შესახებ აღიარა. როდესაც აქციონერებს დაათმობინეს წილი, ქადაგიძეს ევალებოდა, შემძენი შეემოწმებინა, ქადაგიძეს არ შეუმოწმებია ბენეფიციარი, არ შეუმოწმებია, რა ფულით მოხდა ბანკის შეძენა. პრაქტიკულად სახეზე გვაქვს სამოხელეო დანაშაულის სრული შემადგენლობა. გამოძიება ინტენსიურად მინდინარეობს და სამოხელეო დანაშაულის მტკიცებულებებიც არსებობს. 24 ივლისს აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვის წინასასამართლო სხდომა გაიმართება, განხილული იქნება მოწმეთა დაკითხვის და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოთხოვის შუამდგომლობები. საქმეში „შავი ფულის“ გათეთრება და ქონების იძულებით დათმობის საქმეში ჯგუფური დანაშაული იკვეთება“,- განაცხადა დავით ერისთავმა.