საგაზაფხული სესიის დასრულების შემდეგ, პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფორმატში გააგრძელებს მუშაობას

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ბიუროს სხდომაზე კოლეგებს, თბილისში განვითარებული სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო პროცესებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ერთი კვირის წინ ჩვენ ბიურო გავხსენით იმ მძიმე წუთებში, როდესაც სტიქიური უბედურების შედეგად ბევრი ჩვენი თანამოქალაქის გარდაცვალების გამო სამძიმარი ვუთხარით ახლობლებს, მთელ ქვეყანას. მას შემდეგ ერთმა კვირამ ჩაიარა, ძალიან მძიმე კვირამ, ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. სამწუხაროდ, ყველა პრობლემა ჯერ მოგვარებული არ არის, მიმდინარეობს ამ ყველაფერზე მუშაობა და მე მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ თქვენი ჩართულობისთვის ამ პროცესში, ვისაც რა შეეძლო და ვისაც როგორ შეუძლია, ისე მონაწილეობს ამ პრობლემების დაძლევაში“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბიუროს წევრებმა 24-26 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზეც იმსჯელეს. დაგეგმილია „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტისა და მისი თანამდევი პროექტების პირველი მოსმენით მიღება, რომელიც პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების ორგანიზაციულ გამიჯვნას ითვალისწინებს. დღის წესრიგში, განსახილველ საკითხთა სიაში 30-ზე მეტი საკითხია გათვალისწინებული. მათ შორის, შეტანილია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2014 წლის საქმიანობის ანგარიშისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიური ანგარიშის მოსმენები.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ივნისიდან, საგაზაფხული სესიის დასრულების შემდეგ, პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფორმატში გააგრძელებს მუშაობას.
„მინდა ყველას შეგახსენოთ და, პირველ რიგში, საზოგადოებას, ყველა საქმის კურში ბრძანდებით, რომ მიმდინარე პლენარული სხდომების კვირა არის საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირა, კონსტიტუციის შესაბამისად და პარასკევს, 26 ივნისს, საგაზაფხულო სესია დაიხურება, მაგრამ ჩვენი სამუშაო დღის წესრიგიდან გამომდინარე, მოგვიწევს რიგგარეშე სესიის რეჟიმში გადასვლა და იმ კანონპროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც განხილვის პროცესში გვაქვს. ამიტომ, გთავაზობთ, პირველი სხდომა გავმართოთ შაბათს, 27 ივნისს. ვაპირებ მივმართო საქართველოს პრეზიდენტს ამ თხოვნით, რომ 27 ივნისიდან მოწვეული იქნეს რიგგარეშე სესია, სესიის შიგნით,სამუშაო გრაფიკზე ჩვენ დამატებით შევჯერდებით“,- განაცხადა ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები