გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტის დასასრულს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილო ძუკანოვიჩს შეხვდა.
მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდეტნს, საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო თანადგომა და სამძიმარი გამოუცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და ორმხრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-მონტენეგროს შორის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოსა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია იყო. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ნატო-ს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციის მნიშვნელობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნატო-ს უელსის სამიტის არსებითი პაკეტის რეალიზება არამხოლოდ მის ტექნიკურ განხორციელებაზე გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება უახლოეს მომავალში მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას და დაინტერესებულია იმ გამოცდილებით, რომელიც მონტენეგრომ როგორც ნატო-ს ასპირატმა და ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მოიპოვა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა მილო ძუკანოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები