საქართველოს პრეზიდენტმა GLOBSEC-ის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა გიორგი მარგველაშვილს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრულ ურთიერთობა განიხილეს; ხაზგასმით აღინიშნა, ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა. სენატორმა მაკკეინმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
როგორც სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. იმედი გამოთქვეს, რომ ნატოს უელსის სამიტის არსებითი პაკეტის რეალიზება არამხოლოდ მის ტექნიკურ განხორციელებაზე გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას და, ამერიკასა და სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა ინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება.
საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. ამ მხრივ, მათ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაუთმეს.
გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში პირადად მისი და აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი ურყევი თანადგომისათვის, ასევე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხადამჭერი იმ რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტებისათვის, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორს პირადად გადასცა მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ ამბასადორეალზე ოფიციალური მიწვევა და აღნიშნა, რომ ასეთი პატივსაცემი და გავლენიანი სახელმწიფო მოხელის სტუმრობას დიდი რეზონანსი ექნება, რაც კიდევ უფრო გაზრდის აღნიშნული ფორუმის მნიშვნელობას და, მეტიც, ქართველი ხალხისათვის, აშშ მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება. თავის მხრივ, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს. საქართველოს პრეზიდენტთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას აშშ-ის სენატორები ჯონ ბაროსსო და ტომ კოტონიც ესწრებოდნენ.