გიორგი მარგველაშვილი პოლონელ კოლეგას შეხვდა

გიორგი მარგველაშვილს პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრატისლავაში გრძელდება. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ხორვატიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის პირისპირ შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. პოლონეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილსა და ქართველ ხალხს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრლების შესაძლებლობათა ფონზე საქართველო-სლოვაკეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, უპირველესად, ეკონომიკის სფეროში, მათ შორის, ვაჭრობის მიმართულებით.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრონისლავ კომოროვსკის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც პოლონეთი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა, საქართველოს მიმართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე იჩენს. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას რიგის სამიტის გადაწყვეტილებათა, ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებისა და უელსის ნატო-ს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა. ბრონისლავ კომოროვსკიმ თავისი ქვეყნის სახელით მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხიც იყო. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რაც ხელს უწყობს როგორც ევროატლანტიკური, ისე გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებას.
საქართველოს პრეზიდენტი GLOBSEC-ის კონფერენციის ფარგლებში, დღესვე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე – „რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია“ (Tremor Zone: Strategies in Europe’s Neighbourhood) – სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები